მე პირადად, იქ ხელისუფლების წარმომადგენელი არავინ მინახავს, უფრო იყვნენ მოქალაქეები, - ასე უპასუხა შიდა ქართლიდან დევნილმა ნონა ყაულაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივნის, სოზარ სუბარის კითხვას, დევნილების თბილისში თვითდინებით ჩამოსვლისა და კონკრეტული შენობების დაკავების შემდეგ, 2008 წლის ომის შედეგად დევნილებს თუ გაუწია ხელისუფლებამ რაიმე დახმარება პირველად მოხმარების ნივთებით მაინც.
როგორც ყაულაშვილმა გაიხსენა, 2008 წლის ომის შედეგად დევნილებთან დასახმარებლად ხელისუფლების წარმომადგენლები არ ყოფილან, მათ არასამთავრობოებმა მიუტანეს საბნები და ლეიბები, რომლებსაც საშინელი სუნი ასდიოდა. მისივე თქმით, დევნილებს ზამთრის დასაწყისში ელექტროენერგიაც ჩაუჭრეს, რაც მათ გააპროტესტეს.
„იქ იყვნენ ე.წ. არასამთავრობოები, ვინც თითქოს, ცდილობდა, რაღაც შემოეტანა და მახსოვს, შემოგვიტანეს საბნები და ლეიბები, ის იყო ჩვენი მასხრად აგდება. საშინელი სუნი ასდიოდა, მე ვერავის შევკადრებდი ასეთ რაღაცას. ჩვენი პროტესტის შემდეგ, ვაკე-საბურთალოს გამგებელი იყო მოსული, პიროვნულად ვინ იყო, არ ვიცი, რომელთანაც გავაპროტესტეთ ჩვენი მდგომარეობა და მაშინ მან ყურადღება მოგვაქცია. ეს იქნებოდა უკვე ნოემბერ-დეკემბერი, ელექტროენერგია გათიშეს, ჩაჭრილი იყო ელექტროენერგია და ეს გააპროტესტა მოსახლეობამ და ამ პროტესტს მოჰყვა ის, რომ ამოვიტანეთ ეს საბნები და ვაჩვენეთ [გამგებელს]. მოსახლეობა რომ გამოვიდა და ქუჩა რომ გადაკეტა, უკვე ზამთრის პერიოდი იყო, ეს საბნები ახალი შემოტანილი იყო, უკვე აცივება რომ დაიწყო. მანამდე კერძო პირები, ჩვენი სამეგობრო წრე გვეხმარებოდა. მე პირადად, იქ მთავრობის წარმომადგენლები არ მინახავს, იმის მიუხედავად, რომ იმ პერიოდში მეც საჯარო მოხელე ვიყავი, იმ პერიოდში სამოქალაქო რეესტრის ერედვის სამსახურში ვმუშაობდი, ნამდვილად არ მინახავს იქ მოსული ვინმე." - განაცხადა ნონა ყაულაშვილმა.