პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღე მიულოცა.
„თითოეულ ქართველს მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე. გუშინ ასევე ჩვენი ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღე იყო, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის თავის გაწირვა, ეს არის პატივი! ამ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა, ეს არის პატივი! ამას ჯერ კიდევ ჩვენი დიდი წინაპრები გვასწავლიდნენ და საქართველოში ვაჟკაცები იმ სულისკვეთებით იზრდებოდნენ, რომ სამშობლოსთვის თავის გაწირვა, სამშობლოს ინტერესებისა და მისი ღირსების დაცვა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ხოლო დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში ომის და უბედურების სურნელი ტრიალებს და დაძაბულობის ეპოქალური მომენტია, კიდევ ერთხელ შთაგვაგონებს თითოეულ ქართველს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა, დღევანდელ დღეს ჩვენთვის ეს არის პატივი", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.