მამუკა მდინარაძე ბაჩიაშვილზე: ვულოცავ ანრი ოხანაშვილსა და სპეცსამსახურებს წარმატებულ ღონისძიებას - მიხარია, რომ ქართული სპეცსამსახურები თავიანთ სიმაღლეზე დგანან

მამუკა მდინარაძე ბაჩიაშვილზე: ვულოცავ ანრი ოხანაშვილსა და სპეცსამსახურებს წარმატებულ ღონისძიებას - მიხარია, რომ ქართული სპეცსამსახურები თავიანთ სიმაღლეზე დგანან

ამ ადამიანს სასამართლოთი დაუმტკიცდა, რომ აქვს ასეულობით მილიონი მოპარული, მითვისებული თაღლითური გზით და გუშინ ჩატარებული ძალიან წარმატებული ღონისძიების შედეგად ეს ადამიანი დააკავეს, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.

„ვულოცავ ანრი ოხანაშვილსა და სპეცსამსახურებს ამ წარმატებულ ღონისძიებას, როგორც ვიცი შსს-ც იყო ჩართული და ქართული სპეცსამსახურების მადლობას ვუერთდები. ძალიან მიხარია, რომ ქართული სპეცსამსახურები თავიანთ სიმაღლეზე დგანან და ასეთი გადაადგილების თუ სხვა მოძრობის შესახებ ინფორმაციას ფლობენ, არსებობენ წყაროები, რომლებიც ამ ინფორმაციას მათ აწვდიან, ამიტომ ეს არის წარმატებული ოპერაცია“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. ~

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა.

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე სასამართლოს მიერ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი ბაჩიაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში.

თანხის მითვისების ნაწილში, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა.

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა, ხოლო აღნიშნულის შემდეგ, სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც საზღვარი გაიარა.