ძველ თბილისში „ხრუშჩოვკების“ დემონტაჟი არაბი ინვეტორის მეშვეობით მოხდება. დეტალები 1 თვეში იქნება ცნობილი, ხოლო ნგრევა-აშენების პროცესი, წესით, ზაფხულიდან უნდა დაიწყოს. პირველ ეტაპზე, „ხრუშჩოვკებს“ ძველი თბილისის მასშტაბით შეუტევენ და მათ ნაცვლად ახალ 15-სართულიან კორპუსებს ააგებენ.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის საკრებულოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთ საინვესტიციო ჰოლდინგს შორის უკვე გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა და საერთაშორისო სავაჭრო და საინვესტიცო ჰოლდინგის დამფუძნებელმა სალიმ უმაიდ საიფმა მოაწერეს. მშენებლობა, დაახლოებით, ოთხ თვეში დაიწყება.
„ჩვენ ძველი შენობების დემონტაჟს ვაპირებთ. მალე დავასრულებთ შეთანხმებაზე მუშაობას. დარწმუნებული ვარ, ეს სასარგებლო საქმე იქნება თქვენთვის“, - განაცხადა სალიმ უმაიდ საიფმა.
მემორანდუმით ინვესტორი 600 მილიონი დოლარის შემოტანას გეგმავს, რომელსაც ამერიკიდან მოიზიდავს. პროექტი დაწყებამდე ფინანსთა სამინისტრომ უნდა დაამტკიცოს.
„მემორანდუმის საფუძველზე ორივე მხარე ვიღებთ მაქსიმალურ პასუხისმგებლობას, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი იქნეს ეს პროექტი და შესაბამისად, შემდგომში ხელი მოეწეროს იმ მუშა დოკუმენტს, სადაც იქნება პროექტის სრული აღწერილობა. ჩვენი სურვილია ზაფხულის შუა პერიოდისთვის კონკრეტული სამუშაოები უკვე დაწყებული იყოს“, - განაცხადა შიხიაშვილმა.
მისი თქმით, ერთია ამორტიზებული „ხრუშჩოვკები“ და მეორე ძველი თბილისის სავალალო მდგომარეობა. „შეიძლება ხვალ ერთიანად დაიწყოს ნგრევა, რის გამოც 130-დან 150 ათასამდე მოქალაქე შეიძლება ქუჩაში დაგვრჩეს. ცალკე საკითხია ძველი თბილისი, რომელიც ასევე სავალალო მდგომარეობაშია.
ეს ფული განაწილდება სწორედ ამ ორ პროექტზე: იმ ძველი „ხრუშჩოვკების“ ნაცვლად ავაშენებთ ახალ მრავალსართულიან სახლებს, სხვა დიზაინით და განაშენიანებით და მოხმარდება ძველ თბილისს, ოღონდ ისე, რომ ზუსტად ისეთივე იერსახე შეუნარჩუნდება, როგორც დღეს აქვს. ძველი თბილისი ძეგლებითაა სავსე და არაფრის შეცვლა იქ არ შეიძლება“, - აღნიშნა შიხიაშვილმა
სამშენებლო კონცეფციაზე მუშაობა კი დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება. თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის ნიკო ხაჩირაშვილის თქმით, საქმეში ჩაერთვებიან ექსპერტები, ურბანისტები და არქიტექტორები.
„სავარაუდოდ, ერთ თვეში გვექნება კონკრეტული კონცეფცია თუ როგორ უნდა დაინგრეს ე.წ. ხრუშჩოვკები, როგორ უნდა აშენდეს ახალი კორპუსები, ადგილობრივი მოსახლეობა რა პირობებში და რა სტანდარტებით გადავა ახალ ფართში. ასევე, როგორ იქნება მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილი და რა იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის როლი.
ესაა ქალაქის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, იმიტომ, რომ ასეთი ტიპის ბინებს ექსპლოატაციის ვადა გასული აქვთ. ძალიან ბევრი ავარიული კორპუსია. ამ კონკრეტული პრობლემის მოგვარებას სჭირდება უზარმაზარი თანხა. ეს არის აუცილებლობა ქალაქისთვის“, - აცხადებს ხაჩირაშვილი.
არქიტექტორი ირაკლი ჟვანია „ხრუშჩოვკების“ დანგრევის იდეას მიესალმება და ამბობს, რომ ამ ძველი კორპუსების ექპლოატაციის ვადამ უკვე ორჯერ გადააჭარბა დასაშვებ ვადას, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ისინი ქალაქს ამახინჯებენ. თუმცა, არქიტექტორისთვის მთავარი კითხვა არის ის, თუ რას მივიღებთ მათი დანგრევის შემდეგ. დეტალური ინფორმაცია არც მას და არც მის კოლეგებს ჯერჯერობით არ გააჩნიათ.
ჟვანია საუბრობს იმაზე, რა შეცდომა არ უნდა დაუშვას ხელისუფლებამ და რა უნდა გაითვალისწინოს ასეთი გრანდიოზული პროექტის წამოწყებისას, რათა ქალაქის იერსახე უარესად არ დაზიანდეს.
„საინტერესოა, როგორ არის ყველა ეტაპი გაწერილი, საიდან დაიწყება. არქიტექტურული და ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით საინტერესოა. თუკი მთელი უბნების დემონტაჟი მოხდება, მაშინ რას მივიღებთ მათ ადგილას, გამოცხადდება თუ არა კონკურსი თუ პროექტებს პირდაპირ დაუკვეთენ კონკრეტულ არქიტექტორებს და ურბანისტებს. როგორ დაგეგმარებას მივიღებთ ასეთ უბნებში, ხომ არ მოხდება იქაც იგივე, რაც ქალაქის არაერთ ნაწილში უკვე მოხდა - ფართის მაქსიმალურ ათვისებას ვგულისხმობ, რაც სიმჭიდროვეს ზრდის“, - აცხადებს ირაკლი ჟვანია რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას.
მისი აზრით, პროცესი მაქსიმალურად ღია უნდა იყოს და მასში ხელისუფლებამ ის ხელოვნებათმცოდნეები და არქიტექტორები უნდა ჩართოს, რომლებიც ძველ თბილისს კარგად იცნობენ.