„გამორიცხულია, ხუდონის წყალსაცავმა მიკროკლიმატზე გავლენა მოახდინოს“

„გამორიცხულია, ხუდონის წყალსაცავმა მიკროკლიმატზე გავლენა მოახდინოს“

საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ სტრატეგიაში ერთ-ერთი პრიორიტეტი ენერგორესურსების ათვისება და ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანაა. შესაბამის პროექტებს კი ბოლო პერიოდში საზოგადოება აქტიურად უპირისპირდება. ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობა პერიოდულად იკრიბება მესტიაში, ყაზბეგსა თუ ხულოში. მათი მოთხოვნები მრავალგვარია, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ეკოლოგიური პრობლემებია. რამდენად რეალურია მოსახლეობის შიში ეკოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებით და რეალურად, რა ზიანის და სარგებლის მოტანა შეუძლია საქართველოსთვის ჰიდროელექტროსადგურებს?

For.ge ჰიდროენერგეტიკოს პაატა ცინცაძეს ესაუბრა, რომელიც ენერგეტიკის აკადემიის წევრია.

პაატა ცინცაძე: ენერგეტიკული რესურსებიდან საქართველოს მხოლოდ ჰიდროენერგეტიკული რესურსი გააჩნია. თუ ჩვენ გვსურს, რომ ენერგიის მოხმარების მოთხოვნა საკუთარი რესურსებით დავიკმაყოფილოთ, ამისთვის საჭიროა ჰიდროელეტროსადგურების მშენებლობა. მოგეხსენებათ, საქართველოს არც ნავთობი აქვს და არც გაზი. ჩვენ ყველაზე დიდი პრობლემა გვაქვს ზამთარში. მდინარეებში წყალი ზაფხულის პერიოდშია. ზაფხულის წყალი რომ გამოვიყენოთ, ამისთვის აჭიროა, აშენდეს წყალსაცავიანი სადგურები, სადაც წყალი ზაფხულში დაგროვდება და ზამთარში ელექტროენერგიის წარმოებისთვის გამოიყენება. ენერგეტიკულად ყველაზე ფასეული საქართველოში ორი მდინარეა - ენგური და რიონი. ამ ორ მდინარეზე აუცილებელია, აშენდეს წყალსაცავიანი სადგურები. ენერგიაზე საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს.

კონკრეტულად ხუდონჰესის პროექტზე ვისაუბროთ, რომელიც დღეს ყველზე დიდი ენერგეტიკული პროექტია. საზოგადოების ნაწილი ხუდონჰესის მშენებლობას იმის გამოც ეწინააღმდეგება, რომ ფიქრობს, ეს პროექტი სვანეთს ეკოლოგიურ კატასტროფას უქადის. რამდენად რეალურია ამგვარი შიში?

- ხუდონის პროექტი ახალი არ არის, ის ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს დაიწყო. შეჩერდა 1988 წელს. ანუ, თავად პროექტი თითქმის 40 წელიწადია არსებობს და შესწავლილია კომუნისტების დროსაც და დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდშიც - როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტების მიერ. დღევანდელი მშენებლობის ტექნოლოგიები იძლევა დიდ გარანტიას, რომ რამე სახის ავარიის საფრთხე მინიმუმამდე იყოს დაყვანილი - თავად კაშხალთან და წყალსაცავთან დაკავშირებულ ავარიებს ვგულისხმობ. ანუ, როგორც ზოგიერთი ამბობს, ეკოლოგიური კატასტროფის რისკი, რომელიც, შესაძლოა, ავარიის გამო დაატყდეს თავს არა მხოლოდ სვანეთს, არამედ მთელ საქართველოს, მშენებლობის დღევანდელი ტექნოლოგიიდან გამომდინარე, უმდაბლეს ნიშნულზეა დაყვანილი.

მნიშვნელოვანია კიდევ ერთი საკითხი. ამგვარ პროექტებს, როგორც წესი, აფინანსებენ მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები. ისეთი, როგორიცაა EBRD, „მსოფლიო ბანკი“ და სხვადასხვა ქვეყნების განვითარების ბანკები. ამიტომ, როგორც წესი, ეს ბანკები ჩვენზე მეტად არიან დაინტერესებულები იმაში, რომ მათ მიერ განხორციელებულ და დაფინანსებულ პროექტებში საფრთხე არ იყოს. ეს ორგანიზაციები მიმართულნი არიან ქვეყნების განვითარების ხელშეწყობისკენ და, ბუნებრივია, მათ ინტერესებში არ შედის ისეთი პროექტები, რომლებიც ეკოლოგიურ კატასტროფებს იწვევს. მათი სტანდარტებით გაცილებით მაღალია ეკოლოგიის მიმართ მოთხოვნები, ვიდრე ბევრი ქვეყნის და, მათ შორის, საქართველოს ეროვნული სტანდარტებით. ეს ფაქტორიც მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ამ პროექტში ეკოლოგიური საფრთხის რისკები, პრაქტიკულად, არ არსებობს.

თუ შეგიძლიათ მაგალითები გვითხრათ, რომელ ქვეყნებშია პრიორიტეტული ხუდონჰესის მსგავსი პროექტები ანუ მაღალი კაშხლები და პრაქტიკაში როგორ მუშაობს ეს პროექტები?

- მაღალი კაშხლების მშენებლობა დიდი ხნის წინ დაიწყო, მაგრამ განვითარებულია ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა იაპონია, შევეიცარია, იტალია, ნორვეგია და სხვა მაღალგანვითარებული ქვეყნები. მათ ნაგებობების პროექტები და მშენებლობა მაქსიმალურად დახვეწეს. ამიტომ ხუდონჰესი არ არის „ნოუ ჰაუ“, ჩვენ არ ვაშენებთ განსაკუთრებულ ნაგებობას, რომლის მსგავსიც დედამიწაზე არ არის. პირიქით, გეტყვით, რომ ამგვარი წყალსაცავიანი სადგურები თუ საქართველოში თითზე ჩამოსათვლელი გვაქვს, შვეიცარიაში მათი რიცხვი 250-ს აღწევს, იაპონიაში 2500-ზე მეტია. მოგეხსენებათ, იაპონია სესმურად აქტიური ქვეყანაა და დღე არ გადის, მიწისქვეშა ბიძგები არ იყოს.

პრობლემურ საკითხად მიიჩნევა ასევე კლიმატის ცვლილება. საინტერესოა, როგორი იქნება ხუდონჰესის გავლენა სვანეთის რეგიონში არსებულ კლიმატზე.

- კლიმატის ცვლილება პლანეტაზე ბევრი ფაქტორით არის გამოწვეული. დღეს კვლავ გრძელდება დავა, რა არის ამის მიზეზი - დედამიწის ევოლუცია თუ ადამიანის ჩარევა. ხუდონის ე.წ. „წყალსაცავის სარკე“ სულ 5 კვადრატული კილომეტრია, ეს კი ძალიან მცირე მოცულობაა აორთქლების თვალსაზრისით, თუ კლიმატზე რამე გავლენის მოსახდენად. აბსოლუტურად გამორიცხულია, ხუდონის წყალსაცავმა მიკროკლიმატზე გავლენა მოახდინოს. დღეს არ არის სვანეთში წყალსაცავი, მაგრამ კლიმატი შეცვლილია, ისევე როგორც თბილისში, ზუგდიდში და მთელ საქართველოში.

ხუდონის წყალსაცავი კი, პრაქტიკულად, სუნთქავს კიდეც - ივსება, იცლება და ეს მეორდება. წყლის დონე მუდმივად გაჩერებული არ არის და იქ ყველა სეზონზე და 24 საათის განმავლობაში წყალი არ ორთქლდება. არის პერიოდები, როცა 2 კვადრატულ კილომეტრამდე დავა წყალსაცავის სარკის მარაგი. ამიტომ, არ მიმაჩნია, რომ განსაკუთრებული ეკოლოგიური პრობლემები წარმოქმნას ამ პროექტმა.

ბატონო პაატა, თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ხუდონჰესის პროექტი ეკოლოგიურ საფრთხეებს, პრაქტიკულად, გამორიცხავს. მაშინ რით არის განპირობებული ოპონენტთა მოსაზრებები, რაზე დაყრდნობით საუბრობენ ეკოლოგიურ კატასტროფაზე?

- დღეს ეკოლოგს და ამ დარგის სპეციალისტს თავს ბევრი ისეთი ადამიანი უწოდებს, რომლებსაც ეკოლოგიასთან საერთო არაფერი აქვს, ამიტომ, მათი საუბრები, ჩემი აზრით, უფრო პოპულიზმია, ვიდრე სპეციალისტების მოსაზრება. ვისაც საკითხი სპეციალისტების კუთხით აინტერესებს, ნახონ, რა ხდება იაპონიაში, იტალიაში, შვეიცარიაში. იმ ქვეყნებში რა, ნაკლებად უყვართ ბუნება? თუ მიაჩნია ვინმეს, რომ შვეიცარიაში ამ სადგურების აშენებით კლიმატი ისე შეიცვალა, რომ იქ ადამიანს აღარ დაედგომება? 80-იან წლებში ხუდონის მშენებლობასთან დაკავშირებით აგორებული კამპანია ეროვნულ მოძრაობას სჭირდებოდა იმისთვის, რომ დიდი იდეისთვის გაეერთიანებინა ხალხი. დღევანდელი პროცესებიც უფრო პოლიტიკური ბრძოლის ნიშნებს შეიცავს, ვიდრე პროფესიულ კრიტიკას და ეკოლოგიური კატასტროფის შიშს. გარემოზე გავლენას ადამიანის ნებისმიერი სახით მოქმედება იწვევს, თუნდაც ადამიანებს შორის ტელეფონით საუბარი, რადგან ამ დროს მაღალი სიხშირის ტალღები გამოიცემა. გავლენას ვახდენთ ავტობანებზე თუ ქალაქში ტრანსპორტით მოძრაობით, კვებით... პროგრესს რომ თავი დავანებოთ, გარემოზე გავლენას უკვე ახდენს ადამიანის ყოფა. მთავარია, ეს იყოს მინიმიზებული და თუკი ვხედავთ ამ საშიშროებას, მაშინ კრიტიკოსებმა უნდა დაგვისაბუთონ, რა ტიპის საშიშროებაა მოსალოდნელი და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს თავიდან ავიცილოთ. მხოლოდ იმის თქმა, რომ არ ავშენოთ! არ გვინდა! - არ არის პასუხი. ხუდონჰესის აშენება რომ შეიძლება, ამას კონკრეტული ქვეყნების მაგალითებიც ადასტურებს. თუ ვინმე რამე პრობლემას ხედავს, თქვან ეს, მივაქციოთ ამ პრობლემებს ყურადღება და დავსახოთ ღონისძიებები, რომელიც ამას თავიდან აგვაცილებს. ამგვარი მიდგომა მე ჯერ არ მინახავს, მხოლოდ გაჰყვირიან - არ გვინდა, არ გვინდაო.

ენერგიის მოხმარებას ხომ ვერ შევწყვეტთ? იცით, რომ წელიწადში 50 მილიონი ჩვენი ჯიბეებიდან რუსეთში გადის ენერგიის საფასურის სახით? არ სჯობს, ეს 50 მილიონი საქართველოს ენერგეტიკაში ჩაიდოს? 90-იან წლებში თბილისი და მთელი საქართველო სანთლებითა და ნავთქურებით იყო აღჭურვილი. იმ დროში ვერ დავბრუნდებით. ამიტომ ენერგია ან საკუთარი უნდა გვქონდეს, ან - უნდა შემოვიტანოთ. ჩვენი მეზობლებიდან ენერგოიმპორტი კი ბევრ პოლიტიკურ პრობლემასთანაცაა დაკავშირებული. შვეციასა და ნორვეგიას იდეალური ურიერთობა აქვთ ერთმანეთთან. ნორვეგია აწვდის შვედეთს ელექტროენერგიას, მიუხედავად ამისა, 70-იანი წლების ბოლოს შვედებმა ნორვეგიისგან ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის ატომური ელექტროსადგური ააშენეს. წარმოიდგინეთ, რაზე ფიქრობენ ქვეყნები, ჩვენ კი ვცდილობთ, მთლიანად ჩამოვეკიდოთ რუსეთს, თურქეთს, სომხეთს და აზერბაიჯანს, მაშინ როდესაც 30 მილიარდი კილოვატსაათის რესურსი გვაქვს საკუთარ ქვეყანაში.