რომან კაკულია: რა არის ჩვენსა და ევროპას შორის ურთიერთობა - ეს არის ობიექტური მიზეზებით გამოწვეული დისტანცირება. ამ ობიექტური მიზეზების აღიარება ევროპას დღეს არ შეუძლია

რომან კაკულია: რა არის ჩვენსა და ევროპას შორის ურთიერთობა - ეს არის ობიექტური მიზეზებით გამოწვეული დისტანცირება. ამ ობიექტური მიზეზების აღიარება ევროპას დღეს არ შეუძლია

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა რომან კაკულიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ დღეს სახეზეა დისტანცირება, რომელიც გარკვეული ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული.

„მე ძალიან მომეწონა დღეს პრემიერის ნათქვამი, რომ რთ-ერთ ქვეყანასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებითო. ეს სწორი დიპლომატიური სვლაა. კარგი იქნება, თუ „შეიარაღებაში“ აიღებენ ჩვენი დიპლომატები, რადგან ბევრ შემთხვევაში შეიძლება, მოგვიწიოს ჩვენ, ამ ეტაპზე შეიძლება იყოს სწორი გადაწყვეტილება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დარჩენა.

როგორც კი უკრაინისა და რუსეთის თემა უფრო მეტად გაირკვევა, ყველაფერს უფრო მეტად დაერქმევა თავისი სახელი და ჩვენც უფრო მეტად ჩამოვყალიბდებით.

კითხვაზე, რა არის ჩვენსა და ევროპას შორის ურთიერთობა, ჩემი პასუხია - ეს არის ობიექტური მიზეზებით გამოწვეული დისტანცირება. ამ ობიექტური მიზეზების აღიარება ევროპას დღეს არ შეუძლია. იქ არიან ადამიანები, რომლებიც ხედავენ ამას, მაგრამ დღეს არის ნარატივების მსოფლიო. ძალიან ბევრი რამე ხდება იმის გამო, რომ ადამიანები, პოლიტიკოსები, მათ მიერ დეკლარირებული ნარატივების ტყვეობაში არიან. ეს ობიექტური მიზეზები სანამ თავის თავს ბოლომდე არ გამოავლენს, როგორც უალტერნატივო მოცემულობას, მანამდე ეს ადვილად ვერ დარეგულირდება”, - განაცხადა რომან კაკულიამ.

მან ასევე ისაუბრა ევროკავშირის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს ხელისუფლების არ მიწვევის შესახებ. კაკულიამ აღნიშნა, რომ აუცილებლად მოვა დრო, როცა საქართველოში იქნება ევროკავშირის ელჩი, რომელიც ამ ნაბიჯს არადიპლომატიურად შეაფასებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ მოვა დრო და საქართველოში იქნება ევროკავშირის ისეთი ელჩი, რომელიც თუ ასეთ შეკითხვას დაუსვამენ, რატომ არ მიიწვიეს [ხელისუფლება ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე], იტყვის, რომ ეს იყო ძალიან არადიპლომატიური და წინდახედულობის გარეშე გადადგმული ნაბიჯი ამ ელჩის მიერ და ამ შემფასებელ ელჩსაც ვნახავთ ევროკავშირიდან ჩვენ აუცილებლად”, - აღნიშნა რომან კაკულიამ.