ირაკლი კირცხალია: მზად ვართ არა მხოლოდ ურთიერთობის გადატვირთვისთვის აშშ-თან, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებისთვის, ოღონდ ეს ურთიერთობა უნდა იყოს ღირსეულ საფუძვლებზე და არა რაღაც ვასალურ საფუძველზე აგებული

ირაკლი კირცხალია: მზად ვართ არა მხოლოდ ურთიერთობის გადატვირთვისთვის აშშ-თან, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებისთვის, ოღონდ ეს ურთიერთობა უნდა იყოს ღირსეულ საფუძვლებზე და არა რაღაც ვასალურ საფუძველზე აგებული

მზად ვართ არა მხოლოდ ურთიერთობის გადატვირთვისთვის აშშ-თან, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებისთვის, ოღონდ ეს ურთიერთობა უნდა იყოს ღირსეულ საფუძვლებზე და არა რაღაც ვასალურ საფუძველზე აგებული, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ საქართველოს დელეგაციის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მისასალმებელია, თუ ფურცელზე დაწერილი პარტნიორობა მხოლოდ ფურცელზე არ დარჩება და რეალურ ურთიერთობაში გადაიზრდება.

„ძალიან კარგი ვიზიტი იყო იმიტომ, რომ მთელი ეკონომიკური გუნდი იყო წარმოდგენილი. ყველამ კარგად ვიცით, ჩვენი ეკონომიკა დღეს რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში რა პოზიციებს იკავებს, რა განვითარება და როგორი ზრდა გვაქვს, ამას ციფრები გვეუბნება. კარგად ვიცით, სავალუტო ფონდი იქნება თუ ასე შემდეგ, როგორი პროგნოზები კეთდება. და ამის შემდეგ, როდესაც ჩვენს პარტნიორად წოდებულ ქვეყანაში მიდის ეკონომიკური გუნდი და აქვს მაღალ დონეზე შეხვედრები, რა თქმა უნდა კარგია და მივესალმები, თუ ეს ფურცელზე გაწერილი პარტნიორობა, ჩვენ რაც გვაქვს, რეალურად მხოლოდ ფურცელზე კი არ დარჩება, გადავა თვისობრივად ახალ ურთიერთობაში, რეალურ ურთიერთობაში.

როდესაც წამოვიდა ის ნიაღვარი ორმაგი სტანდარტისა ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენ საკანონმდებლო დონეზე, კანონების დონეზე, ყველა იმ შეთანხმების დონეს ვასრულებთ პირნათლად და მზად ვართ არა მხოლოდ ურთიერთობის გადატვირთვისთვის აშშ-თან, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყების და თვისობრივად ახალი ურთიერთობის. ოღონდ ეს ურთიერთობა უნდა იყოს ღირსეულ საფუძვლებზე, ობიექტურ საფუძვლებზე და არა პარტიულ საფუძველზე აგებული და არა რაღაც ვასალურ საფუძველზე აგებული, რასაც აქ ნატრულობს კოლექტიური ლომჯარია, გიგაური თუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.

ეს ვიზიტები დარწმუნებული ვარ გაგრძელდება. მთავარია ფურცელზე დაწერილი პარტნიორობა გადაიზარდოს რეალურ პარტნიორობაში“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.