მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მწერალთა კავშირი დაარბია, ნატა ლომოური დასვეს ხელმძღვანელად, შეირგო და ჩათვალა, რომ ეს არის ნაანდერძევი, მისთვის არავის უკადრებია, თუმცა ამასაც და ბევრსაც იმსახურებდა ჩემგან, როგორც მინისტრისგან, რომ მოხსნილიყო, გაძევებულიყო. ეს არ გავაკეთე, დაველოდე, ამოეწურა უფლებამოსილების ვადა და შემდეგ „გავუბედე“ და აღარ დავნიშნე თავიდან, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა საქართველოს მწერალთა კავშირში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
წულუკიანის განცხადებით, ნატა ლომოურსაც უნდა ჰქონდეს თავისი კუთვნილი ადგილი, არა მარტო სააკაშვილს.
„2023 წლის ზაფხული იყო. მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა დაგარბიათ, მაშინ კულტურის მინისტრი ნიკა რურუა იყო და ნატა ლომოური, ასე ციმციმ შეიტანეს და დასვეს ხელმძღვანელად იქ, სადაც დიდი ქართველი მწერლების სავანე იყო. 2023 წელს მას ამოეწურა მორიგი ვადა. საზოგადოებამ რომ იცოდეს, მას და კიდევ მისნაირებს „დაბევებული“ ჰქონდათ მოცემული თანამდებობა, უფლებამოსილების ვადა რომ გაუვიდოდათ, აბა, ერთი გაგებედა და აღარ გადაგენიშნა თანამდებობაზე, ამაზე ტყდებოდა ამბავი.
მორიგი უფლებამოსილების ვადა რომ გაუვიდა 2023 წელს, ვინაიდან სწორედ 2007 წლიდან, რაც თქვენ იქ ნიღბიანმა ადამიანებმა გამოგიყვანეს, ის შეიყვანეს, იმის შემდეგ მართავდა მწერალთა სახლს. მან გააბატონა და გააფეტიშა ბუღაძეები და კიდევ მისთანები იმ შენობაში, გააფეტიშა ეს უმცირესობა. მახსოვს, ძალიან დიდი დრო დასჭირდა იმას, რომ თქვენ თუნდაც საღამოები ჩაგეტარებინათ. მოკლედ, მე აღარ გავუგრძელე და აღარ დავნიშნე. თქვენ გახსოვთ ალბათ, რომ ამას მოჰყვა ძალიან დიდი ხმაური, პიკეტები, მიტინგები, შეურაცხყოფა, თითქოს ეს მამამ დაუტოვა და რომ ის იყო ხელშეუხებელი.
ეს ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც არავითარ ჟანგბადს და სივრცეს არ უტოვებს განსხვავებულ აზრს, სხვისთვის არაფერი უნდა არსებობდეს, თუ ის არ არის იმ მიმდინარეობის ერთგული, რომელსაც თვითონ წარმოადგენენ. ეს 2023 წლის ვითარებაა. რასთან გვქონდა საქმე. ანუ ადამიანმა იცის, რომ ის უკანონოდ, არცთუ ისე სახელოვანი წარსულის ადამიანმა, მინისტრმა მოიყვანა და ძალისმიერი მეთოდით დასვა და ის ნამდვილად ვერ იტყოდა, რომ რომელიმე მაშინდელ ცოცხალ, მწერალს რასაც ვეძახით, ბუღაძეს არ ვგულისხმობ, რამით აღემატებოდა. გნებავთ ასაკით, გნებავთ გამოცდილებით, გნებავთ მწერლობაში, მწერლობაში რა გაუკეთებია, თავად არ არის მწერალი. მაინც შეირგო ამხელა თანამდებობა ამ პატარა ბავშვმა და შემდეგ ჩათვალა, რომ ეს არის ნაანდერძევი. მისთვის არავის უკადრებია, თუმცა ამასაც და ბევრსაც იმსახურებდა ჩემგან, როგორც მინისტრისგან, რომ მოხსნილიყო, გაგდებულიყო, გაძევებულიყო, სადაც აღმოჩნდა უკანონოდ და აბსოლუტურად უღირს ვითარებაში. მე ეს არ გამიკეთებია. დაველოდე, ამოეწურა ვადა და შემდეგ „გავუბედე“ და აღარ დავნიშნე თავიდან. ეს იყო დიდი ამბავი, ხმაური, უბედურება, ლანძღვა, გინება და მინისტრი გამოცხადდა როგორც არ ვიცი, მჩაგვრელი რბილი სიტყვაა, პირსისხლიანი. ქალბატონ ნატასაც უნდა ჰქონდეს თავისი კუთვნილი ადგილი, არა მარტო სააკაშვილს და რურუას, ღმერთმა გაანათლოს, სადაც არის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.