სერგეი ლავროვი: ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რუსეთის ტერიტორიებად აღიარება აუცილებელია

სერგეი ლავროვი: ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რუსეთის ტერიტორიებად აღიარება აუცილებელია

ყირიმის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების რუსულ ტერიტორიებად აღიარება უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების აუცილებელი პირობაა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ბრაზილიურ გამოცემა O Globo-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ყირიმის, სევასტოპოლის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის საკუთრებად საერთაშორისო აღიარება აუცილებელია“, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, კიევის ყველა ვალდებულება უნდა იყოს იურიდიულად უზრუნველყოფილი, ჰქონდეს აღსრულების მექანიზმები და იყოს უვადო.

ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის პოზიცია უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით კარგად არის ცნობილი.

„გამოვდივართ იქიდან, რომ კიევის ნატოში არ გაწევრიანება, მისი ნეიტრალური და არაალიანსური სტატუსის დადასტურება უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის 1990 წლის დეკლარაციის შესაბამისად, უკრაინის კრიზისის საბოლოო მოგვარების ორი საფუძვლიდან ერთ-ერთია, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს შეესაბამება. მეორე არის კიევში 2014 წლის თებერვლის პუტჩის შედეგად ჩამოყალიბებული ნეონაცისტური რეჟიმის მმართველობის შედეგების დაძლევა, მათ შორის მისი ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს ყველაფერი რუსულის - ენის, მედიის, კულტურის, ტრადიციების, კანონიკური მართლმადიდებლობის - საკანონმდებლო და ფიზიკური განადგურებას“, - აღნიშნა ლავროვმა.