სოზარ სუბარი გიორგი ნემსაძეს: თქვენი მონაყოლიდან გამოჩნდა, რომ ეს იყო არა ერთჯერადი ჩარევა, ზეწოლა, არამედ ამას ჰქონდა პერმანენტული ხასიათი - ასე მართავდნენ სპორტსაც და ქვეყანას

სოზარ სუბარი გიორგი ნემსაძეს: თქვენი მონაყოლიდან გამოჩნდა, რომ ეს იყო არა ერთჯერადი ჩარევა, ზეწოლა, არამედ ამას ჰქონდა პერმანენტული ხასიათი - ასე მართავდნენ სპორტსაც და ქვეყანას

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისადმი არაადამიანური მოპყრობის (ზეწოლა, გატაცება) საქმის განხილვისას, გიორგი ნემსაძეს მიმართა.

დეპუტატმა ვეტერან ფეხბურთელს ქართული სპორტისთვის გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი მონათხრობიდან კარგად ჩანს, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს ქართული სპორტისა და ქართველი ახალგაზრდობის მიმართ. სოზარ სუბარმა ნაცმოძრაობის რეჟიმის მიერ საბავშვო ბაღებისა და სკოლების დახურვის და ამ ტერიტორიების სხვა მიზნებისთვის გამოყენების ფაქტებიც გაიხსენა.

“მინდა დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა. მადლობა იმისთვის, რაც გიკეთებიათ ქართული ფეხბურთისთვის, სპორტისთვის. მართლა ათწლეულების განმავლობაში იყავით მაგალითი ქართველი ბავშვებისთვის, რომ სპორტი მნიშვნელოვანია, ცხოვრების ჯანსაღი წესი უკეთესია, ვიდრე არასწორ გზაზე დადგომა. იმავეს აკეთებდა და ემსახურებოდა ბატონი მამუკაც. ნუ კვარაცხელიები და ქართული ფეხბურთი საერთოდ ცალკე ფენომენი და ცალკე ამბავია.

მინდა პატარა რეზიუმესავით გავაკეთო. თქვენი მონაყოლიდან გამოჩნდა, რომ ეს იყო არა ერთჯერადი ჩარევა, ზეწოლა, არამედ ამას ჰქონდა პერმანენტული ხასიათი. ასე მართავდნენ სპორტსაც და ქვეყანას. მათი [ნაცმოძრაობის] დამოკიდებულება ქართული სპორტის, საქართველოს მომავლის, ქართველი ახალგაზრდების მიმართ ჩანს იქიდან, რაც თქვენ ისაუბრეთ. ბატონმა მამუკამ [კვარაცხელიამ] ბრძანა, რომ 30 - მდე სტადიონი გააუქმეს, მხოლოდ თბილისში. კარგად გვახსოვს, რომ საბავშვო ბაღები გააუქმეს და იქ ნაციონალური მოძრაობის ოფისები გახსნეს. წინა დღეებში კომისიის სხდომაზე მოსულმა ადამიანებმა დეტალურად ისაუბრეს, რომ 1000 - ზე მეტი სკოლა გააუქმა ნაციონალურმა მოძრაობამ. გუშინწინ შევხვდი ერთ ჩვენს ყოფილ კოლეგას, ასევე  ფეხბურთელს, ბატონ დათო ლორთქიფანიძეს, რომელიც მიყვებოდა, რომ ვანის რაიონში, სოფელ მიქელეფონში 150 ბავშვიანი სკოლა გააუქმეს და შიგნით თხილის ქარხანა უნდა გაეხსნათ, ამასობაში მოუსწრო 2012 წლის 1 ოქტომბერმა და დავიბრუნეთ ის ტერიტორია და სკოლა. ეს იყო მათი დამოკიდებულება საქართველოს მომავლის მიმართ იმიტომ, რომ ახალგაზრდობაა საქართველოს მომავალი და თქვენ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც გიკეთებიათ ჩვენი ქვეყნისთვის,“-განაცხადა სოზარ სუბარმა.