საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი არაერთი დანაშაულის მიუხედავად, ადამიანთა მცირერიცხოვანი ჯგუფების მიერ წინა ხელისუფლების გამართლებაზე.
განცხადების თანახმად, საზოგადოებაში არსებული ეს ჯგუფები ბედავენ და საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილ უდიდეს ღალატს არათუ გამართლებას უძებნიან, არამედ, პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს და არსებულ ხელისუფლებას ადანაშაულებენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, ამისთვის კი, წინა ხელისუფლების ღალატის შედეგად გარდაცვლილი გმირების სახელების ხსენებასაც არ ერიდებიან.
„იმის მიუხედავად, რომ საზოგადოების წინაშე ყველაფერი ხელის გულზე დევს, მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მსახურებიც კი, ვინც კომისიაზე მოსვლა გაბედა, პირდაპირ თუ ირიბად თავადვე ადასტურებენ, რომ ეს იყო უმძიმესი პროვოკაცია, რომელიც სააკაშვილმა გარედან მიღებული დავალების შესაბამისად შეასრულა და ქვეყანა ომის ქარ-ცეცხლში გახვია, მაინც არსებობენ საზოგადოებაში ადამიანთა მცირერიცხოვანი ჯგუფები, რომლებიც ბედავენ და ომის გაჩაღებას, საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე ჩადენილ უდიდეს ღალატს არათუ გამართლებას უძებნიან, პირიქით, კომისიის წევრებს და ხელისუფლებას ადანაშაულებენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში. იმდენს ბედავენ, რომ მათი ღალატის შედეგად გარდაცვლილი გმირების გვარებს სპეკულაციებისათვის იყენებენ და კიდევ ერთხელ, ამჯერად საფლავებში აყენებენ შეურაცხყოფას ქართველ სამხედროებს.“ - ვკითხულობთ განცხადებაში.
ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის ცნობით, ამ შემთხვევაში საუბარია მიხეილ სააკაშვილის მაშინდელ ოპოზიციაზე, რომლებიც, რამდენიმე ადამიანის გამოკლებით, თავად სააკაშვილისა და უცხოელი პატრონების მიერ მართული ოპოზიციონერები იყვნენ.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ აღნიშნავს იმასაც, რომ მათი ყურადღება ამ საკითხმა მას შემდეგ მიიპყრო, რაც თინა ხიდაშელმა 2008 წლის ომის შესახებ განცხადება გააკეთა.
„ცხადია, ადამიანთა მცირე ჯგუფში, ვინც წინა, კრიმინალურ ხელისუფლებას ექომაგება, ამ ხელისუფლების ჯერჯერობით თავისუფლებაზე მყოფ „პოლიტიკოსებს“ არ ვგულისხმობთ. ისინი მძიმე დანაშაულთა უშუალო თანამონაწილენი არიან და გასაკვირი არ არის, რომ თავის მართლებას ყველანაირი ბინძური ფორმით ცდილობენ. ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს სააკაშვილის მაშინდელ ოპოზიციაზე, რომელიც რეალურად, რამდენიმე პატრიოტი ადამიანის გამოკლებით, თავად სააკაშვილის და უცხოელი პატრონების მიერ მართული „ოპოზიციონერები“ იყვნენ და რეჟიმს დემოკრატიული მმართველობის აღსაქმელად, ოპოზიციონერებად ლეღვის ფოთოლივით ეფარებოდნენ. ჩვენი ყურადღების მიპყრობა ამ საკითხის მიმართ ერთ-ერთი სტაჟიანი აგენტის, თინა ხიდაშელის გუშინწინდელმა განცხადებამ გამოიწვია. სააკაშვილის რეჟიმის ფსევდოოპოზიციური დაჯგუფების წარმომადგენელმა შემდეგი რამ თქვა: „ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში იყო მომენტები, როდესაც ერთად იდგა, ერთიანი იყო ქართული საზოგადოება. ერთ-ერთი ასეთი ბოლო დღე იყო 2008 წლის 8 აგვისტო, როდესაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთხმად, ერთად გააკეთა განცხადება.“ ზუსტად ანალოგიური განცხადება აქვს გაკეთებული 2008 წლის ომის შემდეგ მის ქმარს, ასევე სტაჟიან აგენტს, დავით უსუფაშვილს - „ასეთ მძიმე ვითარებაში ჩვენი ვალია რომ ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად ყველა, პოზიცია და ოპოზიცია ვიყოთ ერთად“. სწორედ ამ განცხადების შემდეგ, უსუფაშვილმა საკუთარ თავზე აიღო ეგრეთწოდებული ოპოზიციის „კონსოლიდაცია“ და თითქმის ყველა მაშინდელი პოლიტიკოსი, რომელიც თავს რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლად წარმოაჩენდა, ომის გამჩაღებელი რეჟიმის გარშემო გაერთიანდა.
უსუფაშვილის შემდეგ ანალოგიური განცხადება გააკეთა მაშინდელმა ფსევდოოპოზიციონერმა, გიორგი თარგამაძემ. პარლამენტის ტრიბუნიდან მან რეჟიმს მხარდაჭერა გამოუცხადა და მის კოლეგებს, დანარჩენ ფსევდოოპოზიციონერებს მოუწოდა, რომ იდგა ერთიანობის დრო. სხვათა შორის, ეს ის თარგამაძეა, რომელმაც ომიდან რამდენიმე თვეში, „ოპოზიციონერის“ მანტიაში გახვეულმა მოღალატეობრივ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, საერთაშორისო დოკუმენტებში სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან ომის დაწყება დაადასტურა, დოკუმენტს ხელი მოაწერა და ქართველი ჯარისკაცები სამხედრო დანაშაულის გასამართლებისთვის გაწირა. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალისხმევა, რომ არა მუხლჩაუხრელი შრომა სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში, პროცესები შესაძლოა ქართველი ჯარისკაცებისთვის უმძიმესი სცენარით განვითარებულიყო.“ - აღნიშნულია განცხადებაში.