კახა კალაძე ოპოზიციაზე: თავადვე არიან ის ადამიანები, რომელთაც რუსეთთანაც კავშირი აქვთ, რუსულ და ზოგადად, მტრის საქმეს აკეთებენ

კახა კალაძე ოპოზიციაზე: თავადვე არიან ის ადამიანები, რომელთაც რუსეთთანაც კავშირი აქვთ, რუსულ და ზოგადად, მტრის საქმეს აკეთებენ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები შემოიფარგლებიან რუსული ნარატივით, თითქოს, საქართველოს ხელისუფლება რუსეთისკენ დგამს ნაბიჯებს, თუმცა ამის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ.

ამის შესახებ მან პარტია „ლელოს“ წარმომადგენლის რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც დაკავშირებულია რუსეთთან, თუმცა რეალობა სულ სხვა რამეს აჩვენებს.

„ეს ადამიანები, ზოგადად, ყოველთვის შემოიფარგლებიან რუსეთით და რუსული ნარატივით. მათი მთავარი თემაა, თითქოს, საქართველოს ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს რუსეთისკენ, თუმცა ამის არანაირი ფაქტი, მტკიცებულება არ არსებობს. ჩვენ ვიცავთ საკუთარ ქვეყანას, მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ის გადაწყვეტილებები, ნაბიჯები შუქდება ისე, თითქოს ჩვენ ვიღაცის ინტერესს ვატარებთ. ჩვენ ვატარებთ ქართველი ხალხის ინტერესს და ვიცავთ ჩვენს ქვეყანას. ვიღაც რუსეთში მღერის და თავს უხრის რუსეთის პრეზიდენტს, ვიღაც ბიზნესს აწარმოებს რუსეთში, ვიღაც საკუთარ საცხოვრებელს აქირავებს რუს ტურისტებზე, მაგრამ ეს ადამიანები გამოდიან და ეწინააღმდეგებიან ყველაფერს, რაც დაკავშირებულია რუსეთთან და რუსებთან, თუმცა რეალობა, თუნდაც ეს კონკრეტული ფაქტი, სხვა რამეს მიანიშნებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნის ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესს ატარებს, ოპოზიცია კი მტრის საქმეს აკეთებს.

„არანაირი ფაქტი და მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ ჩვენ რომელიმე ქვეყნის ინტერესს ვატარებთ. დღეს საქართველოს ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც დგამს ამ ქვეყნისთვის და მისი ხვალინდელი დღისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს. შესაბამისად, ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში ჟღერდება. თავადვე არიან ის ადამიანები, რომელთაც რუსეთთანაც კავშირი აქვთ, რუსულ და ზოგადად, მტრის საქმეს აკეთებენ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.