აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ დასავლურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა აზერბაიჯანული ოპოზიცია დააფინანსეს სახელმწიფო გადატრიალების მიზნით.
ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანში ოპოზიციონერები სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას გეგმავდნენ, არჩევნებში ჩარევითა და სამთავრობო შენობებსა და ძალოვანებზე თავდასხმების ორგანიზებით.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ წინა წლებში დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები არაერთხელ ჩაერივნენ აზერბაიჯანში ჩატარებულ არჩევნებში.
„ჩვენ რეალურად სრულად არ ვაკონტროლებდით ამ ფინანსურ ნაკადებს. და სწორედ ამიტომ, ისეთმა ინსტიტუტებმა, როგორიცაა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), რეალურად სახელმწიფო გადატრიალება ჩაიფიქრეს აქ. ეს ყველაფერი გამოვლინდა. ჩვენ მივაკვლიეთ მილიონ დოლარზე მეტს, რომელიც საბანკო ანგარიშიდან იყო მოხსნილი, შემდეგ კი ამ ფულის ნაწილი აღმოვაჩინეთ ოპოზიციის აქტივისტების ნაქირავებ ბინებში, მოლოტოვის კოქტეილებთან და სამთავრობო შენობებსა და პოლიციელებზე თავდასხმის ინსტრუქციებთან ერთად“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
„ადრე ეს მარტივი იყო. ახლა უფრო რთულია. პირველ რიგში, ჩვენ დავამყარეთ სრული კონტროლი ფინანსურ სისტემაზე. მეორეც, ყველა ე.წ. გრანტი, რომელიც ე.წ. ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფაქტობრივად კი ოპოზიციის ფილიალებს გადაეცემოდა, ახლა რეგისტრაციას ექვემდებარება. ახლა მათთვის ძალიან გაძნელდა აქ უკანონოდ ფულის გადმორიცხვა“, - განაცხადა მან.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა დასავლური მედიის მხრიდანაც შეინიშნებოდა.