დღეს ჩვენ ვიხილეთ სამწუხაროდ ევროსაბჭოს მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია ევროსტრუქტურებისთვის, რომელიც თვალნათლივ ანახებს თუ როგორ უთხრის თვითონ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ძირს იმ პრინციპებს, რა პრინციპებისთვისაც შეიქმნა 50-იან წლებში ეს ორგანიზაცია, ორგანიზაცია, რომლის ღირებულება უნდა იყოს სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობა და რომლის მთავარი ღირებულება უნდა იყოს მეზობელი სახელმწიფოს პატივისცემა, განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ, რითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, რეზოლუციაში თავმოყრილია რამდენიმე აბსურდული გზავნილი და ამ დოკუმენტის მიზანია გადაარჩინოს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.
„ჩვენ ნათლად ვხედავთ ამ შემთხვევაში რეზოლუციას, რომელიც არა თუ პოლიტიკურ ზეწოლას განახორციელებს საქართველოზე, არამედ შექმნის დამატების პირობას იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ აღარ ირწმუნოს ევროპული ღირებულებების იმ მექანიზმებისა, რომელიც თვითონ ევროსაბჭოშია შექმნილი, რაც ძალიან სამწუხაროა. ამასთან, ხაზი მინდა გავუსვა და თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ გარემოებაზე თუ რა პროცენტული მაჩვენებლით იქნა დღეს რეზოლუცია მიღებული მაშინ, როდესაც საერთო რაოდენობა წარმომადგენლებისა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოსი ევროპის საბჭოში არის 612 ძირითადი და დამხმარე შემადგენლობა. 89 ხმით იქნა დამტკიცებული დამსწრეთა უმრავლესობით რეზოლუცია, რომელიც რამდენიმე ძირითად მიზანს ისახავს და რაც მთავარია არ დამდგარა დღის წესრიგში დელეგაციისთვის აკრედიტაციის მინიჭება, იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ საქართველოს დელეგაცია ამ შემთხვევაში საპარლამენტო ასამბლეაზე აღარ ჰყავს იმ შანტაჟის ენის გამო, რაც პირველ რეზოლუციაში რამდენიმე თვის წინ იქნა გაჟღერებული.
რეზოლუციაში რამდენიმე აბსურდულ გზავნილს დავინახავთ. პირველი და ყველაზე მთავარი მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ გარემოებაზე, რომ რეზოლუცია გმობს საქართველოში ოჯახური ღირებულებების კანონის მიღებას, რეზოლუცია გმობს საქართველოში გამჭვირვალობის კანონმდებლობის მიღებას, რეზოლუცია გმობს საგამოძიებო კომისიის შექმნას და მისი საქმიანობის ვადის განსაზღვრას დღევანდელ დღემდე „ნაციონალურ მოძრაობის“ დანაშაულების გამოძიებას. პრაქტიკულად ვხედავთ, რომ ეს არის დამატებითი მექანიზმი იმ კოლექტიური ძალისა მსოფლიოში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სატელიტი ორგანიზაციის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გადარჩენას.
აქვე ისა არ დაგვავიწყდეს, რომ ევროსაბჭო, როგორც საპარლამენტო ასამბლეას მოიცავს, ასევე, ევროსაბჭოს სტრუქტურა არის სტრასბურგის სასამართლო, რომელმაც დაადგინა ზუსტად ის, რისთვისაც მათ შორის მუშაობს საგამოძიებო კომისია. ეს არის „ნაციონალურ მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის დანაშაული ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით. გირგვლიანის საქმეს შეგახსენეთ და ასევე, ახალი გადაწყვეტილება 20 ივნისის საქმის გამოძიება, გახარიას პრემიერობის დროს და ამ დროს საპარლამენტო ასამბლეა ასეთ აბსურდულ გადაწყვეტილებას, რეზოლუციას იღებს, რომელიც ერთის მხრივ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და ასე არის ნახსენები, რომ ჩაატაროს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით. ხოლო მეორეს მხრივ, გმობს ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდის გაუქმებას. გვაბრალებს, რომ თურმე ვაწამეთ ელენე ხოშტარია.
ანუ საბოლოო ჯამში იკვეთება, რომ ამ რეზოლუციის მთავარი მიზანია გადაარჩინოს „ნაციონალური მოძრაობა“. კიდევ ერთხელ დაანახოს და დაარწმუნო საქართველოს მოსახლეობა თავისი გადაწყვეტილების სისწორეში, რაც ბოლო არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობამ მილიონი 200 ათასმა ამომრჩეველმა გააკეთა, რომ საქართველოს ებრძვის, რაღაც ასე ვთქვათ კოლექტიური ძალა მთელ მსოფლიოში, რომელმაც რატომღაც გადაწყვიტა, რომ რადგან საქართველოს მოსახლეობის 80%-ს უნდა ევროკავშირში გაერთიანება ამიტომ ყველაფერზეა წამსვლელი საქართველოს მოსახლეობა და მზად არის დათმოს საკუთარი სუვერენიტეტი. ვერ ხვდებიან ეს ადამიანები, ვინც აი ამ სქემაში მონაწილეობს, რომ ამით პირიქით, აკნინებენ იმ რწმენას, რომელიც საქართველოს მოსახლეობას გვაქვს ევროსტრუქტურებისადმი“, - განაცხადა მაია ბითაძემ.