პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სხვადასხვა ქვეყნებში პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებული ევროპარლამენტარების სიას აქვეყნებს და წერს, რომ ამ ქვეყნების ქცევა მისაბაძია.
„ეს არის იმ ევროპარლამენტარების შესაძლოა არასრული სია, რომლებსაც ეკრძალებათ შესვლა ცალკეულ ქვეყნებში ან გამოცხადებულნი არიან „პერსონა ნონ-გრატად“ იმ თავისი პოზიციების გამო, რომლებიც „მტრულად“ იქნა მიჩნეული:
ჩინეთი - 2021 წლის მარტში ჩინეთმა ევროკავშირის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებულ განცხადებებზე დაწესებულ სანქციებზე პასუხად - სანქციები დაუწესა ხუთ ევროპარლამენტარს: მათ აეკრძალათ შესვლა ჩინეთში, ჰონკონგსა და მაკაოში, ასევე ნებისმიერი კონტაქტი ჩინურ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან. ესენი არიან: რაინჰარდ ბიუტიკოფერი (გერმანია, "მწვანეები"); მიხაელ გალერი (გერმანია, "ევროპული სახალხო პარტია"); რაფაელ გლიუკსმანი (საფრანგეთი, "სოციალისტები და დემოკრატები"); ილჰან კიუჩიუკი (ბულგარეთი, "განაახლე ევროპა"); მირიამ ლექსმანი (სლოვაკეთი, "ევროპული სახალხო პარტია").
აზერბაიჯანი - აზერბაიჯანმა „პერსონა ნონ-გრატად“ გამოაცხადა რიგი უცხოელი პოლიტიკოსების, მათ შორის ევროპარლამენტარები, მთიან ყარაბაღში ავტორიზაციის გარეშე სტუმრობისთვის: მიშელ რივაზი (საფრანგეთი, "მწვანეები"); მარტინ ზონნებორნი (გერმანია, დამოუკიდებელი დეპუტატი); ელენი თეოხარუსი (კვიპროსი) და კირიაკოს ტრიანტაფილიდისი (კვიპროსი, "მემარცხენე პარტია");
გარდა ამისა, 2024 წლის აგვისტოში აზერბაიჯანმა „ნონ-გრატას პერსონებად“ გამოაცხადა ის 76 დეპუტატი, რომლებმაც PACE-ს ფარგლებში ანტიაზერბაიჯანულ რეზოლუციას უყარეს კენჭი.
ჩრდილოეთი მაკედონია - 2023 წლის იანვარში ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა შესვლის აკრძალვის ინიციატივა წარადგინა რამდენიმე ბულგარელი პოლიტიკოსის მიმართ, მათ შორის ევროპარლამენტარებზე: ანგელ ჯამბასკი (ბულგარეთი, "ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები") და ანდრეი კოვაჩევი (ბულგარეთი, "ევროპული სახალხო პარტია"). მიზეზად დასახელდა მათი განცხადებები და ქმედებები, რომლებიც აღქმულ იქნა, როგორც ნაციონალიზმის წახალისება.
მაროკო - 2025 წლის თებერვალში მაროკომ ქვეყნიდან გააძევა ევროპარლამენტარები, რომლებიც იმყოფებოდნენ დასავლეთ საჰარაში უფლებადაცვითი მისიის ფარგლებში: ისაბელ სერა (ესპანეთი); კატარინა მარტინშ (პორტუგალია) და იუსი სარამო (ფინეთი).
ისრაელი - 2024 წელს ისრაელის ხელისუფლებამ აუკრძალა ქვეყანაში შემოსვლა ევროპარლამენტის ორ დეპუტატს:
ლინ ბოილანი (ირლანდია, "მემარცხენეთა" ფრაქცია) და რიმა ჰასსანი (საფრანგეთი, "მემარცხენეთა" ფრაქცია).
რაც მისაბაძია - ის მისაბაძია. რაც მიუღებელია - ის მიუღებელია,“ - წერს დავით ქართველიშვილი.