აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სწორ, რეალურ და მეგობრული დამოკიდებულებისთვის ძალიან მნიშვნელოვან მესიჯს აჟღერებს, რომ არ შეიძლება გეოგრაფიის უგულებელყოფა და საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულება, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
„აზერბაიჯანი გახლავთ ჩვენი ძალიან ერთგული მეგობარი. მისი პრეზიდენტი აჟღერებს იმ სწორ, რეალურ და მეგობრული დამოკიდებულებისთვის ძალიან მნიშვნელოვან მესიჯს, რომ არ შეიძლება გეოგრაფიის უგულებელყოფა, არ შეიძლება უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, მითუმეტეს იმ ჭრილში, სადაც ელემენტარულად, გეოგრაფიულად შუა დერეფნის პროექტის განხორციელება საქართველოს მონაწილეობის გარეშე არ და ვერ მოხერხდება. დროა ყური უგდონ ფონ დერ ლაიენმაც და სხვა ბიუროკრატებმაც იმ ევროპარლამენტარის განცხადებებს, რომლებიც ევროპულ დედაქალაქებში ისმის და სადაც საუბარია იმაზე, რომ ქართველებთან თუ უნდათ სიტუაციის დალაგება და მოგვარება, საჭიროა ლეგიტიმურ არჩეულ ხელისუფლებასთან მოახდინონ მოლაპარაკება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ურსულა ფონ დერ ლაიენი გააკრიტიკა. ალიევის განცხადებით, ევროკომისიის პრეზიდენტმა გასულ კვირას შუა დერეფნის შესახებ საუბრის დროს საქართველო არ ახსენა. ალიევმა ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოს საქმეების მიმართ კოლონიალისტურ მიდგომას შეადარა.