დღესაც გასარკვევი ბევრი რაღაცაა. დახვრიტეს უდანაშაულო კაცი, რომელმაც ალბათ ისეთი რაღაც იცოდა, რომ არ გაჩერდებოდა. ის სულ სხვანაირი იყო, პირში მთქმელი იყო, მას უფროსთან არასდროს არ ქონია არავითარი შეკამათება, - ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, "ნაცმოძრაობის" რეჟიმის მიერ მოკლული სერჟანტის, როინ შავაძის მეუღლემ, ციცინო შავაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ზაზა გოგავას დაუსვეს კითხვა, ხომ არ ჰქონდა რაიმე დარღვევა როინ შავაძეს, რაზეც მან უპასუხა, რომ მას არავითარი დანაშაული არ ქონია და რომ რაღაც სამოქალაქო მოხდა.
„რომელ წელში ზუსტად არ მახსოვს, პარლამენტში შეიქმნა კომისია, სადაც მოიწვიეს გოგავა და მას დაუსვეს როინ შავაძის თაობაზე შეკითხვა, ხომ არ ჰქონდა მას რამე დარღვევა, ცუდად ხომ არ იქცეოდა, როგორი თანამშრომელი იყო. ყველა ახასიათებს ძალიან კარგად, რომ იყო ძალიან მაგარი თანამშრომელი, უფროსები ყველა ამას ამბობს. ის წერდა სამხედრო გაკვეთილებს, კონსპექტებს ადგენდა, მე სახლშიც მინახავს, რომ წერდა და დასცინოდნენ თანამშრომლები, ზოგიერთი უფროსი შენ ნაწერს სწორად ვერ კითხულობს და ხომ არ ჯობდა შენ წაგეკითხაო, აშაყირებდნენ ჩემს მეუღლეს. ყველა აქებდა. გოგავას დაუსვეს კითხვა და თქვა, რომ მას სამხედრო მხრივ არავითარი დარღვევა, არავითარი დანაშაული არ ქონია და რომ რაღაც სამოქალაქო მოხდა“, - განაცხადა ციცინო შავაძემ.