რომ გითხრათ, PACE-ში შეიცვლება მოცემულობა და საქართველოს მხარდამჭერ, ქართველი ხალხის ნების მხარდამჭერ განცხადებას გააკეთებენ, რეზოლუციას მიიღებენო, ძალიან არასერიოზული იქნება, რა თქმა უნდა, ჩემგან, - ასე უპასუხა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ კითხვას, თუ რა მოლოდინი აქვს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაგეგმილ დებატებთან დაკავშირებით ახლა წინა რეზოლუციიდან გამომდინარე.
მისივე თქმით, ბოლოს წინა რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით როდესაც მიიღეს, იქ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად გამოაცხადეს.
„რომ გითხრათ, PACE-ში შეიცვლება მოცემულობა და საქართველოს მხარდამჭერ, ქართველი ხალხის ნების მხარდამჭერ განცხადებას გააკეთებენ, რეზოლუციას მიიღებენო, ძალიან არასერიოზული იქნება, რა თქმა უნდა, ჩემგან. ჩვენ გვახსოვს, რომ სულ ბოლოს, მაგალითად, ბოლოს წინა რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით როდესაც მიიღეს, იქ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად გამოაცხადეს. საუბარი იყო, რომ იგი არის უსაფუძვლოდ დაკავებული. ის მიხეილ სააკაშვილი, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ დიახ, სწორად იხდის სასჯელსო. სრულიად მიუღებელი და უღირსი საქციელი ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, რაც ბოლო რეზოლუციის სახით იყო მიღებული, რომ თურმე ქართველი ხალხის ნება არაფერს ნიშნავს, ქართველი ხალხის გადაწყვეტილება არაფერ შუაშია და მხოლოდ და მხოლოდ გარედან ვისაც გვეტყვიან, ის ხელისუფლება შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად ჩვენს ქვეყანაში. ამ ყველაფერს ცდილობენ, რომ შემოგვასაღონ ქართველ ხალხს, რასთან დაკავშირებითაც ქართველ ხალხს აქვს აბსოლუტური ლეგიტიმური რეაქცია, რომ ასეთი ჩარევები კატეგორიულად მიუღებელია.
რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ მანამ „დიფ სთეითი“ იქნება ძლიერი, ჩვენი ქვეყნის მიმართ იქნება განსხვავებული დამოკიდებულება და ეს ადამიანები თუ ბიუროკრატიის წარმომადგენლები თავს დაანებებენ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ხელის ფათურს“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.