„უკვე სათვალავიც აგვერია თუ რამდენი რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა თუ ცალკეულმა ქვეყანამ, როგორი პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო, როგორი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები იკითხებოდა იმ პატრონების მხრიდან, რომლებიც პატრონობენ აქ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას" - სრულიად დაცლილი ყოველგვარი მორალისგან, ყოველგვარი ფაქტისგან, ნაკარნახები, როგორც ლობიზმით, ასევე, ორმაგი, სამმაგი, ოთხმაგი სტანდარტით. სამწუხაროდ, 2022 წლის შემდეგ, როგორც ქართული საზოგადოება, ასევე, მსოფლიო შეაჩვიეს ორმაგი სტანდარტებით საუბარს. ამას აკეთებენ „დიფ სთეითის" მხრიდან ხელდასმული, არარჩეული ბიუროკრატები და ასევე, ხელდასმული პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს წარმოდგენილი არიან ევროკავშირის ამა თუ იმ წამყვან თუ არაწამყვან ქვეყნებში, ბიუროკრატიებში და ასევე, ის პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებიც მოქმედებენ ევროპის და დემოკრატიის სახელით", - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებას კარგად ახსოვს ხელისუფლების გამოხმაურება თითოეულ იმ უსამართლო რეზოლუციაზე, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში იწერებოდა და „ჩალის ფასი" ჰქონდა.
„მინდა საზოგადოებას ვუთხრა ერთი ნათელი, ბოლო მაგალითი. ჩეხეთის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც უაპელაციოდ ითხოვენ ახალი არჩევნების დანიშვნას და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ღიმილის მომგვრელია ყოველივე, როდესაც მათი მხრიდან პოლიტპატიმრებზეა საუბარი. ამასთან, ისინი და მისი პარტნიორები სხვადასხვა ქვეყანაში ლობირებენ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას". როდესაც საქართველოში ჩეხეთის დიპლომატიური მისიისგან მოვითხოვეთ განმარტება, თუ რის საფუძველზე იყო ეს რეზოლუცია მიღებული და რა ფაქტებზე დაფუძნებით ითხოვდნენ ახალი არჩევნების დანიშვნას - საელჩო გვეუბნება, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში, თურმე დიპლომატიური მისია აქ, საქართველოში არ წარმოადგენს ჩეხეთის პარლამენტს", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
მისივე შეფასებით, ეს არის ის მიდგომები, რომლის კორიანტელიც ვნახეთ მართლაც დიდი აგენტურული ქსელისგან, რომელიც არის „დიფ სთეითისგან" მართული.
„ყველა ვხედავთ, რომ მსოფლიო იცვლება. ყველაფერი გაშიშვლდა, ყველამ ჩამოიხსნა ნიღაბი და სწორედ, ამ უტიფრობას და თავხედურ მიდგომებს ვხედავთ არა მარტო ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს არის ფაშიზმი დემოკრატიის სახელით. დღეს ევროკავშირიდან გვესაუბრებიან ფაშიზმით ევროკავშირის სახელით და ამას ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, ძალიან კარგად აფასებს, და კიდევ ძალიან კარგად დააფასებს თითოეულ მომდევნო არჩევნებზე, რომელიც ჩატარდება. ამას არ შეეგუება არასდროს არც ერთი თავმოყვარე, სუვერენული ქვეყანა, ისეთი ქვეყანა, როგორიც არის საქართველო", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.