სახელმწიფოს როლია, რომ იზრუნოს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, თუმცა, აქ უკვე საუბარია რამდენად იქნება სიმკაცრე, ვის მიმართ იქნება ეს სიმკაცრე, რადგან რეალიზატორი და მომხმარებელი განსხვავდება ერთმანეთისგან, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირაში“ ფსიქიატრმა ნინო მენაღარიშვილმა ანტიარკოტიკულ რეფორმაზე საუბრისას.
„სიმკაცრე და დასჯადობა ადამიანს სჭირდება. ბერძნები ხუმრობენ, რომ თემიდას რომ ხმალი არ ეჭიროს, სასწორს თავზე გადაამტვრევენო. ამ კანონის გამკაცრებას უნდა მოჰყვებოდეს უკან ძალიან დიდი კამპანია“, - აღნიშნა ნინო მენაღარიშვილმა.
პარლამენტში ანტინარკოტიკულ რეფორმაზე მუშაობს გრძელდება. ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს ხვალ ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს.
კანონი განსაკუთრებით მკაცრი იქნება ნარკორეალიზატორების მიმართ - მათთვის სასჯელი 12 წლიდან იწყება და უვადო პატიმრობამდე მიდის.
დოკუმენტის მიხედვით, რეალიზატორებს ჩამოერთმევათ ქონება, რომელიც სწორედ ნარკოტიკების გაყიდვით დააგროვეს. ცვლილებები მკაცრად მიჯნავს მომხმარებლებს და რეალიზატორებს.