დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „ამერიკის ხმისთვის“ დაფინანსების შეწყვეტის მიზეზები განმარტა. განცხადება თეთრი სახლის პრეს სამსახურმა გამოაქვეყნა. მასში ჩამოთვლილია პრეტენზიები, რომლებსაც ტრამპის ოფისი „ამერიკის ხმას“ უყენებს.
მაგალითისთვის, 2020 წელს „ამერიკის ხმა“ წერდა ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპთან დაკავშირებულ სკანდალში რუსეთის შესაძლო როლზე, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ აღიქვა, როგორც „სიმართლის დამალვის“ მცდელობა.
ირკვევა ისიც, რომ „ამერიკის ხმის“ ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს სთხოვა, არ მოეხსენებინათ „ჰამასი“ და მისი წევრები ტერორისტებად, გარდა ოფიციალური განცხადებების ციტირებისა. განცხადებაში ასევე საუბარია „ამერიკის ხმის“ რეპორტიორებზე, რომლებიც სოციალურ ქსელებში ტრამპის საწინააღმდეგო კონტენტს ავრცელებდნენ.
15 მარტს ცნობილი გახდა, რომ „ამერიკის ხმის“ თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი „ადმინისტრაციულ“ შვებულებაში გაუშვეს. დაფინანსება შეუწყდა „რადიო თავისუფლებასაც“.