კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ და მისმა ანასხლეტებმა არათუ არ უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, არამედ საერთოდ უნდა გაქრნენ ქართული პოლიტიკიდან, - განუცხადა ჟურნალისტებს პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიაც, რომელიც „ნაციონალურო მოძრაობის“ ხელისუფლების ქმედებებს იძიებს, ამას ემსახურება.
„ჩვენი, „ხალხის ძალის“ წერილები თუ კომენტარები ზუსტად ამას ემსახურება, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უნდა გაქრეს ქართული პოლიტიკიდან. არჩევნებში მონაწილეობა კი არა, საერთოდ პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ.
თუ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან სწორი იმიტომ, რომ აუცილებლად შეივსება ის პოლიტიკური ველი, რომელსაც უკვე ტოვებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ოპოზიციის ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ისევ არ აპირებს. მიზეზად, ქვეყანაში პოლიტიკური მოცემულობის ცვლილებას ასახელებენ.