პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე " ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტზე ისაუბრა, რომლის ამოქმედების შედეგად, ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება.
როგორც გორდულაძემ აღნიშნა, მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები ნარკოდამოკიდებულ პირთა მკურნალობის ფორმების, მათ შორის მათ იძულებით მკურნალობასთან დაკავშირებით.
„საზოგადოებისთვის აუცილებლად უნდა იყოს ცნობილი, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მომართვიანობა მოსახლეობისა არის ბევრი, როგორც წერილობითი, ასევე სხვა საშუალებებითაც, აქტიურ კონსულტაციებს ვმართავთ ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობის ფორმებთან დაკავშირებით. მათ შორის, იძულებით მკურნალობის ფორმებთან დაკავშირებითაც იმ ადამიანებისთვის, ვისაც ასეთი საჭიროება გააჩნიათ და ჩვენ შეგვიძლია როგორც პირველი მოსმენით საკომიტეტო განხილვის ფორმატში, მკურნალობის თემაზე განხილვის ფორმატში, ამავდროულად მეორე მოსმენაზე, დავაზუსტოთ ის მკურნალობის ფორმები, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ ადამიანებს ხელი შევუწყოთ ებრძოლონ მძიმე სენს, რომელსაც ნარკოდამოკიდებულება ჰქვია. ჩვენი მიდგომა არის, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ ის, რომ უმკაცრესი ბრძოლა უნდა იყოს გამოცხადებული ნარკოტიკების გამყიდველებთან, ნარკორეალიზატორებთან და ამავდროულად სხვა საშუალებები უნდა არსებობდეს ნარკოდამოკიდებულებზე“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.