ფაქტობრივად, ჩვენ ყველა რაიონში ვაკანსია გვაქვს გამოცხადებული ადეკვატური ადამიანის პოვნაზე, რომელიც ჩვენი სახელით მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. ჩვენ გვინდა ახალი ადამიანების აღმოჩენა ამ არჩევნებზე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„განსახვავებული ბევრი ვერაფერი გვექნება, იქიდან გამომდინარე, რომ ნახევარი წლის წინ იყო არჩევნები და ჩვენ არ შევცვლილვართ. მოგეხსენებათ, ცხრა წელია, ერთსა და იმავეს ვამბობთ, ერთი და იგივე გვინდა, ამიტომ, ამ ერთ წელიწადში რამე განსხვავებული ვერ მოხდება, უბრალოდ ახალი ადამიანების პოვნა გვინდა. ალბათ ჩვენ ადამიანებს მოვუწოდებთ წინა არჩევნებზე დაშვებული შეცდომების გამოსწორებისკენ, რადგან არ შეიძლება, ერთხელ დაშვებული შეცდომა კიდევ მეორედ, მესამედ და გაუთავებლად გაიმეორო. შეცდომის ცოტათი გამოსწორების საშუალება მიეცემა შეცდომაში შეყვანილ ამომრჩეველს“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩიას თქმით, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, რადგან ასე მარტივად არ დაანებებს ხალხს თავს.
„ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში, ესენი დალაგდებიან იმაზე, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, რადგან ასე მარტივად არ დაანებებენ ქართველ ხალხს თავს. თუ არ მიიღეს მონაწილეობა, ძალიან კარგი იქნება. მოვუწოდებ, შეასრულონ საკუთარი პირობა, არ გადათქვან და არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ისინი არ არიან პოლიტიკური პარტიები, შესაბამისად, დიდი არაფერი დაშავდება, რომ არ მიიღონ მონაწილეობა „ქართული ოცნების“ დანამატებმა სხვადასხვა ფორმით. ერთი „ქართული ოცნება“ მონაწილეობს და „პროქსი პარტიები“ საერთოდ არ არის სავალდებულო, მონაწილეობდეს არჩევნებში, რადგან მიიღეს მონაწილეობა, გაიმარჯვეს კიდეც, ჩემი დაკვირვებით და მერე უარი თქვეს მანდატებზე, აჩუქეს „ქოცებს“. შესაბამისად, მგონია, რომ მათი მონაწილეობის შემთხვევაში, არჩევნებში კიდევ დაიკარგება ხალხის ხმები, რომელიც ძალიან ღელავდა წინასაარჩევნოდ, რომ ხმები არ დაკარგულიყო“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ამასთან, კითხვაზე, „მონაწილეობას თუ არ მიიღებენ, რა გზავნილი იქნება მათი მხრიდან?“ ხვიჩიამ განაცხადა:
„ძალიან კარგი. მივხვდებით, რომ გამოსწორდნენ და ბოდიშს უხდიან ქართველ ხალხს, რომ აქამდე შეცდომაში შეჰყავდათ. ამიტომ, ამაზე სწორი ნაბიჯი მათგან ვერ იქნება. უბრალოდ მე ნაკლებად ოპტიმისტური ვარ ამასთან დაკავშირებით. ცოტა ხანში იჩხუბებენ, ერთმანეთს გალანძღავენ ან იმ ხალხს გალანძღავენ, ვინც არჩევნებში აპირებს მონაწილეობას. ბოლოს კი, ყველა მიიღებს მონაწილეობას. უფრო ასეთი დასკვნა მაქვს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.