აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებისთვის, ჰილარი კლინტონმა პატრიარქ ბართლომეს შესთავაზა ფული, რომელიც საპატრიარქომ უკრაინის გავლით მიიღო

აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებისთვის, ჰილარი კლინტონმა პატრიარქ ბართლომეს შესთავაზა ფული, რომელიც საპატრიარქომ უკრაინის გავლით მიიღო

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ჯონ კირიაკუ აცხადებს, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებისთვის ჰილარი კლინტონმა პატრიარქ ბართლომეს ფული შესთავაზა და ეს თანხა საპატრიარქომ უკრაინის გავლით მიიღო.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილმა აგენტმა, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ანტიტერორისტულ ოპერაციებს ხელმძღვანელობდა, ამერიკელი ბლოგერის, ჯულიან დორის პოდკასტში ისაუბრა.

ჯონ კირიაკუს მტკიცებით, სახელმწიფო მდივნობის დროს ჰილარი კლინტონმა კონსტანტინოპოლის პატრიარქს, ბართლომეს სთხოვა, გამოეცხადებინა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, „რომ იგი აღარ დამორჩილებოდა რუსი პატრიარქის ახირებებს“.

კირიაკუს განცხადებით, ბართლომემ იდეა არ მოიწონა, რის შემდეგაც ჰილარი კლინტონმა, სავარაუდოდ, მას უთხრა: „დაეხმარება 20 მილიონი გადაწყვეტილების მიღებას?“ ყოფილი ამერიკელი მზვერავის თქმით, ბერძნული ეკლესია ნეოოსმანი თურქების ზეწოლის ქვეშაა და პატრიარქმა ამის შემდეგ აღნიშნა, რომ შეეძლოთ 20 მილიონის გამოყენება.

ჯონ კირაკუს განცხადებით, ჰილარი კლინტონმა კონსტანტინოპოლის პატრიარქს უთხრა, რომ ფულს უკრაინული ბანკების საშუალებით მიიღებდა, რის შემდეგაც უკრაინელებმა საპატრიარქოს 15 მილიონი დოლარი გაუგზავნეს.

„ის ამბობს: „მოიცადეთ, სად არის დანარჩენი 5? უნდა იყოს 20, სად არის 5?“ სახელმწიფო დეპარტამენტი კი პასუხობს: „ოჰ, ჩვენ არაფერი ვიცით ამის შესახებ, ჩვენ გადავიხადეთ, ასე რომ, ახლა თქვენ უნდა გამოაცხადოთ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობა“, – აღნიშნა ჯონ კირიაკუმ.

ჰილარი კლინტონი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობას 2009-2013 წლებში იკავებდა. აღსანიშნავია, რომ 2011 წელს, ვიცე-პრეზიდენტობის დროს, ჯო ბაიდენი პატრიარქ ბართლომეს სტუმრობდა. 2018 წლის 11 ოქტომბერს პატრიარქატის სინოდმა გამოაცხადა, რომ იგი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას აპირებდა. 2019 წლის 5 იანვარს პატრიარქმა ბართლომემ ხელი მოაწერა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკალეფალიის ტომოსს.