აშშ-ის გარდა, ნატოს წევრ სხვა სახელმწიფოებს არ აქვთ ის რესურსი, რომ სათანადოდ დაეხმარონ უკრაინას. ევროკავშირს სერიოზული სამხედრო ძალა რომ გააჩნდეს, მას ამისთვის 8 წელი დასჭირდება, - განაცხადა ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას.
იგი რუსეთ-უკრაინის ომის შესაჩერებლად გასამართ მოლაპარაკებებში ევროპული ქვეყნების ჩართვის საკითხს შეეხო. კერძოდ, კითხვაზე, რას უკავშირდება აშშ-ის უარი უკრაინისთვის, ევროპული ქვეყნები მოლაპარაკებებში ჩაერთონ, შოშიაშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ 8 წელია საჭირო ევროპის ქვეყნებისთვის სამხედრო ძალების გადაიარაღებისა და ჯარის გაზრდისთვის.
„თუ არ ჩავთვლით რამდენიმე სახელმწიფოს ევროპაში, როგორიც არის: მაგალითად, პოლონეთი, საფრანგეთი და ფინეთი. სხვა ქვეყნებს მცირე რაოდენობის ჯარები ჰყავთ და საკმარისი რაოდენობის რესურსი არ გააჩნიათ.
ასევე, ჩვენ იდეოლოგიურ დაპირისპირებასაც ვხედავთ, ერთი მხრივ, - ტრამპსა და მეორე მხრივ, - ევრობიუროკრატებს შორის. ვხედავთ, რომ ტრამპი არ აპირებს, გაითვალისწინოს იმ პოლიტიკური ძალების ინტერესი, რომელიც მას ქვეყნის შიგნით პრობლემად მიაჩნია. აქედან გამომდინარე, ეს არის დემონსტრირება იმისა, რომ ვიდრე ევროკავშირი უფრო ლოიალურად არ იქნება განწყობილი ტრამპისადმი, აშშ-ისადმი, ევროკავშირის დამოუკიდებელი პოლიტიკა აშშ-თვის მისაღები არ არის“, - განაცხადა შოშიაშვილმა.