„ნაციონალურმა მოძრაობამ“ X-ზე ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღიარებს, რომ „დიფ სთეითი“ ნამდვილად არსებობს, თუმცა სამი წლის განმავლობაში, სანამ მმართველი პარტია ამაზე საუბრობდა, რადიკალური ოპოზიციისგან მხოლოდ ქილიკი ისმოდა, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა
„სამი წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ გლობალური ომის პარტიაზე ვსაუბრობდით - პირობითად ვეძახით, მნიშვნელობა არ აქვს „დიფ სთეითს» დაუძახებ თუ გლობალური ომის პარტიას, საუბარია არაფორმალურ მმართველობაზე - „ნაციონალური მოძრაობა“ ქილიკით საუბრობდა ამ თემაზე და სულ რაღაც ორი კვირის წინ გამოაქვეყნეს ოფიციალური განცხადება X-ზე, რომ „დიფ სთეითი“ ნამდვილად არსებობსო, უბრალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ემსახურება „დიფ სთეითსო“. მადლობა მათ ამ აღიარებისთვის, რომ სამი წელი ჩვენ რასაც ვამტკიცებდით ისინი ადასტურებენ, რომ თურმე „ქართული ოცნება“ სიმართლეს ლაპარაკობდა, მაგრამ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომ არ ემსახურება „დიფ სთეითს“ ეს ფაქტია. სხვა შემთხვევაში ჩვენზე ასეთი წნეხი ნამდვილად არ იქნებოდა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მაჭავარიანმა ასევე „დიფ სთეითის“ დავალებების შემსრულებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ, რა თქმა უნდა, არის „ენჯეოების“ ნაწილი, რომელიც კეთილ საქმეს ემსახურება იგივე საქართველოშიც, მაგრამ არიან ე.წ. მდიდარი „ენჯეოები“, „კოლექტიური გიგაურები“, „კოლექტიური ლომჯარიები“, რომელთა ქსელი შექმნილი არის „დიფ სთეითის“ მიერ.
„ბატონი ჯორჯ სოროსი უდგას ამ პროექტს სათავეში, ბატონი ჯორჯ სოროსის სახელის და გვარის გახსენებაზე მე არ მგონია ვინმეს რაიმე პოზიტიური ემოცია ეუფლებოდეს. ჩვენ თუ გადავხედავთ უახლეს ისტორიას, კიდევ უფრო წარსულს, სადაც რევოლუციები და ე.წ. „რეჟიმ-ჩეინჯები“ მომხდარა, ყველგან „ენჯეოები“ იყვნენ ამის ავანგარდში და ჩვენთანაც, როდესაც რევოლუციის უკვე ოთხი მცდელობა იყო, რომ გავიხსენოთ 2022 წელი, როდესაც უკრაინაში ომი ახალი დაწყებული იყო „ენჯეოები“ ავიდნენ სცენაზე და მთავრობის გადადგომას, ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას ითხოვდნენ. ახლა ქალბატონი ლორა თორნტონი და მსგავსი დონორი ორგანიზაციები, ვინც ამ „ენჯეოებს" აფინანსებს, იგივე USAID, იგივე NED ძალიან დიდ სკანდალში არიან გახვეულები. მტკიცებულებები და ფაქტები არის დადებული ბატონი მასკის დეპარტამენტის მხრიდან თუ რას ემსახურებოდნენ ეს დონორი ორგანიზაციები, პირდაპირ კრიმინალში ამხილეს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მაჭავარიანის თქმით, „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი ლორა თორნტონი საქართველოს მტერია.
„მან არჩევნებამდე რადიკალურ ოპოზიციას გაიდლაინი გადასცა, რომ სულ რომ ძალიან დიდი ანგარიშით წააგოთო მაინც ასე უნდა იმოქმედოთო. და რა იყო მოქმედების გეგმა? მოქმედების გეგმა იყო ის, რომ საპროტესტო მუხტი უნდა გადაეტანათ სამოქალაქო დაპირისპირებაში. შემდეგ გვახსოვს ქალბატონი თორნტონის გულის დაწყვეტა, როდესაც აქციებიდან სულ რაღაც ორ კვირაში მან ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ ძალიან წუხს, რომ მსხვერპლი ვერ ნახა. შემდეგ მორიგი გაიდლაინი გადასცა, თუ როგორ უნდა გამოეწვიათ ქვეყანაში ეკონომიკური დესტაბილიზაცია და ჩვენ მოქალაქეებს შევახსენებთ, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი არის სწორედ ამ ინსტიტუტის სტიპენდიატი და ქალბატონი თორნტონის რიტორიკა ბატონი ტრამპის მიმართაც ყველასთვის ნათელია. პირდაპირ ლანძღავს უშვერი სიტყვებით და ფაქტია, რომ პირდაპირ „დიფ სთეითს“ ემსახურება. საინტერესოა, ქალბატონი ზურაბიშვილი გაემიჯნება თუ არა და უარს იტყვის თუ არა ამ სტიპენდიაზე“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მაჭავარიანმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოში მდიდარი „ენჯეოების“ გარდა რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ ემსახურება გლობალური ომის პარტიას და დავალებებს მათგან იღებს.
„შორს რომ არ წავიდეთ ჩვენმა მოქალაქეებმა წინასაარჩევნო კამპანიას გადახედონ, როდესაც „ქართული ოცნება“ ველზე ვიყავით გასული და ჩვენს მოქალაქეებს ველაპარაკებოდით პრობლემებზე, გამოწვევებზე, ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე, ჩვენ სამომავლო გეგმებზე და ასე შემდეგ, ოპოზიცია ქუჩაში არავის არ უნახავს, არც რეგიონებში, არც თბილისში, ერთი-ორ შემთხვევას თუ არ გავიხსენებთ. მთლიანად საარჩევნო კამპანია ჩაუტარეს სწორედ იმ აქტორებმა გარედან, ვინც მე თავში ვახსენე, სწორედ იმ ევრო ბიუროკრატებმა, რომლებიც პირდაპირ „დიფ სთეითის“ გავლენების ქვეშ არიან“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი ვერ იწინასწარმეტყველებს როდის დამთავრდება „დიფ სთეითის“ გავლენა, თუმცა საქართველოს მთავრობა გულშემატკივრობს აშშ-ის პრეზიდენტს „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში.
„მასვე [დონალდ ტრამპს] აქვს ნათქვამი, რომ თუ იგი ვერ მოერევა „დიფ სთეითს“, „დიფ სთეითი“ დაამარცხებს მას. ეს მთავრობა და ამერიკა ნამდვილად პროამერიკულია და ზრუნავენ თავიანთი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.