ფაქტია, რომ ტრამპმა შესაძლოა ბოლომდე ვერ შეასრულოს დაპირება, რომ შეწყვეტდა ომს, მაგრამ დროებითი ზავი იძლევა საშუალებას განაცხადოს, რომ ის შეეცადა მაინც ამას, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ისტორიკოსმა, „ხალხის ძალის“ წევრმა ნუკრი შოშიაშვილმა.
მისივე თქმით, ეს მოლაპარაკებები იძლევა საშუალებას რუსეთისთვის, რომ საკუთარი პირობები წამოაყენოს, რაც არის როგორც პრეტენზიები ტერიტორიებზე, ასევე ის, რომ უკრაინა არ უნდა შევიდეს ნატოში.
„ჯერჯერობით ნაკლებ სავარაუდოა, რომ რუსულმა მხარემ არ მოინდომოს მოლაპარაკებების გაგრძელება. რუსული მხარე ყოველთვის ერთ პოზიციაზე იყო, რომ ისინი მზად არიან მოლაპარაკებებისთვის, ოღონდ მათთვის სასურველ შედეგებზე. ტრამპის გადაწყვეტილებაც, ინფორმაციის გაცვლაზე და ა.შ. ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია. ეს არის მოლაპარაკებების წინა პერიოდი, როდესაც შენ გჭირდება რაღაცა კარტი გეოპოლიტიკური თამაშის დროს. ფაქტია, რომ ტრამპმა შესაძლოა ბოლომდე ვერ შეასრულოს დაპირება, რომ შეწყვეტდა ომს, მაგრამ დროებითი ზავი იძლევა საშუალებას განაცხადოს, რომ ის შეეცადა მაინც ამას და შეიძლება გამოვიდა ან არ გამოვიდა.
ფაქტია, რომ სანამ ეს მოლაპარაკებები შედგებოდა, რუსეთისთვის წარმატებულად მიმდინარეობდა სამხედრო კამპანია კურსკის მხარეს. პრინციპში, თითქმის ჩამოიშალა უკრაინული ფრონტი და რუსული ჯარები წინ მიიწევდა. ეს იმ დროს, როდესაც ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო ნაწილები იყვნენ გადასროლილი კურსკის მხარეს. ჩვენ ვხედავთ, რომ ახლა ეს მოლაპარაკებები იძლევა იმის საშუალებას რუსეთისთვის, რომ საკუთარი პირობები წამოაყენოს. ეს პირობები გასაგებია რასაც ეფუძნება. ეს არის გარკვეულწილად ტერიტორიული პრეტენზიები ერთი მხრივ და მეორე მხრივ ის, რომ უკრაინა უნდა იყოს ის სახელმწიფო, რომელიც არ შევა NATO-ში“,- აღნიშნა შოშიაშვილმა.
მისივე თქმით, ტრამპის განცხადებები მიუთითებს, რომ ის არ არის წინააღმდეგი ბუფერული ზონების არსებობის და ტრამპმა თავად ისაუბრა იმაზე, რომ უკრაინა ვერ გახდება NATO-ს წევრი.