პოლონელმა მესაზღვრეებმა დააკავეს უკრაინელი ქალი, რომელსაც ყაზახეთში 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობისა და 56 თირკმლის გაყიდვის ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობისთვის.
35 წლის ქალი, რომელსაც პოლონეთის კონფიდენციალურობის შესახებ კანონმდებლობით მხოლოდ ქსენია პ-თი მოიხსენიებენ, პოლონეთსა და უკრაინას შორის რკინიგზის გადასასვლელზე დააკავეს ინტერპოლის ე.წ. წითელი ცირკულარის საფუძველზე, − თქვა მარტა პეტკოვსკამ, პოლონეთის პროკურატურის პრესსპიკერმა.
პროკურორებს არ აუხსნიათ, რატომ არ იმყოფებოდა ქალი ყაზახეთის ციხეში.
მათი თქმით, ის ინტერპოლის მიერ 2020 წლის ნოემბრიდან იძებნება. ინტერპოლის „წითელი ცირკულარი“ არის ერთგვარი მოთხოვნა გლობალურ სამართალდამცავ ორგანოებთან, დროებით დააკავონ პირი, რომელიც ექვემდებარება ექსტრადიციას ან მსგავს სამართლებრივ ქმედებას.
ქალი გასამართლებულ იქნა საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობისთვის, რომელიც 2017 წლიდან 2019 წლამდე ადამიანებისგან უკანონოდ აგროვებდა ორგანოებს, რომლებსაც შავ ბაზარზე ყიდდა.
იგი ასევე გაასამართლეს „56 დაზარალებული მხარის თირკმლების მოპოვების მიზნით ყაზახეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, უზბეკეთსა და ტაილანდში“ ფინანსური სარგებლობისთვის და „ჩადენილ დანაშაულთა მუდმივი შემოსავლის წყაროდ ქცევაში“.
პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობა წარუდგინა ერთკვირიანი დროებითი პატიმრობის გამოყენების შესახებ, რათა იგი ყაზახეთში გადაეცათ.