თბილისის საქალაქო სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა.
პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა.
სხდომაზე არ გამოცხადდნენ ბრალდებულები: მიხეილ სააკაშვილი და თეიმურაზ ჯანაშია. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, პენიტენციურმა სამსახურმა წარმოადგინა ცნობა, რითაც სააკაშვილმა დისტანციურად ჩართვა არ მოისურვა და სხდომის გადადება მოითხოვა გამოჯანმრთელებამდე.
აღსანიშნავია, რომ წარდგენილ ბრალდებაში, ორივე პირი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.