ცნობიერების ამაღლება არის მეტად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მომავალ ახალგაზრდა თაობაში, რათა ისინი დაცულნი იყვნენ ამ განსაცდელისაგან, - განაცხადა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე საუბრისას.
„ჩვენ მივესალმებით ნარკომოვაჭრეთა მიმართ კანონის გამკაცრებას. ეს დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნისთვის და ამასთან დაკავშირებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმაც არაერთი პროექტი განახორციელა. მაგალითად, წინა წელს საზაფხულო ბანაკებში მოხდა სტუდენტებთან შეხვედრა. ჩვენთან ერთად იყვნენ ასევე ფსიქოლოგები და ნარკოლოგები. ეს შეხვედრები ემსახურებოდა ცნობიერების ამაღლებას. მხოლოდ კანონის გამკაცრებით არ უნდა შემოიფარგლოს ყოველივე, არამედ მნიშვნელოვანი არის დახმარება იმ ადამიანებისა, რომლებიც ნარკოდამოკიდებულები არიან და ასევე ცნობიერების ამაღლება არის მეტად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მომავალ ახალგაზრდა თაობაში, რათა ისინი იყვნენ დაცულნი ამ განსაცდელისაგან“, - განაცხადა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.
სახელისუფლებო გუნდი ცვლილებებს ამზადებს, რომლებიც სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, ასევე სხვა კანონებში შევა. დაგეგმილია ყველა სახის ნარკოტიკის გაყიდვისთვის სასჯელის გამკაცრება, ასევე გადაიხედება ზომები ნარკოტიკების მოხმარების ფაქტებზეც.
ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას მნიშვნელოვან რეფორმად მიიჩნევენ სასულიერო პირები. ამბობენ, რომ ცვლილებებს შედეგები უნდა მოჰყვეს, აქცენტს აკეთებენ სწორ საინფორმაციო კამპანიებზე.