დღეს “ოსკარის” დაჯილდოება გაიმართა, სადაც ლიბერალების პრიზმიდან რომ შევხედოთ, “პრორუსულმა” “ანორამ” გაიმარჯვა, არადა დღევანდელი ჰოლივუდის ლოგიკით, ტრიუმფი უნდა ეზეიმა “ემილია პერესს”, მიუზიკლს ცივსისხლიან კოლუმბიელ ნარკობარონზე, რომელიც სქესს იცვლის და ქალი ხდება, - წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბაჩო ოდიშარია, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, დღევანდელი ჰოლივუდის ლოგიკით, გამარჯვებული უნდა გამხდარიყო ფილმი "ემილია პერესი", თუმცა, მთავარი როლის ტრანსი შემსრულებლის რასიზმის შემცველი ძველი "ტვიტების" გამო, ფილმი, რომელიც რეკორდულად ბევრ ნომინაციაზე იყო წარდგენილი, ყველა მნიშვნელოვანი ჯილდოს გარეშე დარჩა.
ოდიშარიას განმარტებით, ამის მიზეზი, ჰოლივუდის ელიტაში გაჩენილი დილემაა, სექსუალური უმცირესობისთვის დაეჭირათ მხარი თუ რასობრივისთვის და არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გაკეთდა, რასაც იგი შემდეგნაირად ხსნის - "ვოუქიზმი ვოუქიზმს დაეჯახა და ვოუქიზმმა გაიმარჯვა".
"დღეს “ოსკარის” დაჯილდოება გაიმართა, სადაც ლიბერალების პრიზმიდან რომ შევხედოთ, “პრორუსულმა” “ანორამ” გაიმარჯვა, არადა დღევანდელი ჰოლივუდის ლოგიკით, ტრიუმფი უნდა ეზეიმა “ემილია პერესს”, მიუზიკლს ცივსისხლიან კოლუმბიელ ნარკობარონზე, რომელიც სქესს იცვლის და ქალი ხდება, მაგრამ ვოუქიზმის ყველაზე სასაცილო ტრადიციებში, მთავარი როლის ტრანს შემსრულებელს ამოუგდეს ძველი ტვიტები, სადაც რასისტული კომენტარებით გამოირჩეოდა. გაჩნდა დილემა ჰოლივუდის ელიტაში, სექსუალურ უმცირესობას დაუჭირონ მხარი თუ რასობრივს? ვინაიდან რასობრივი უმცირესობა მეტია თავად ინდუსტრიაშიც და მთლიან მოსახლეობაშიც, არჩევანი ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ გაკეთდა და “ემილია პერესი”, რომელსაც რეკორდული, 13 ნომინაცია ჰქონდა, ყველა მნიშვნელოვანი ჯილდოს მიღმა დარჩა. არადა ფილმი შექმნილი იყო, რომ “ოსკარის” ყველა ლიბერალური კრიტერიუმი დაეკმაყოფილებინა და გამხდარიყო პირველი ფილმი ტრანსზე, რომელიც გაიმარჯვებდა, ჰყოლოდა პირველი ტრანსი მსახიობი, ვისაც დააჯილდოებდნენ, ექნებოდა ისტორია, რომელიც სასტიკ პატრიარქალურ სივრცეში მკვლელი ნარკობარონი კაცის მოწყალე და კეთილშობილ ქალად ტრანსფორმაციას გვიყვებოდა, მაგრამ ვოუქიზმი ვოუქიზმს დაეჯახა და ვოუქიზმმა გაიმარჯვა. ისე, დღევანდელი ოსკარის წესდებას რომ გადავხედოთ, სადაც აუცილებელია მსახიობების მინიმუმ 30 პროცენტი უმცირესობას წარმოადგენდეს, ისტორია უმცირესობების შესახებ გვესაუბრებოდეს, შემოქმედებით ჯგუფში უმცირესობები იკავებდნენ მინიმუმ ორ პოზიციას და ა.შ. ისეთი ფილმები, როგორიცაა “ნათლია”, “ამადეუსი”, “ირმებზე მონადირე” თუ სხვა შედევრები, საერთოდ ნომინაციის მიღმა დარჩებოდნენ" - წერს ბაჩო ოდიშარია.