ჩვენ საკმაოდ მძიმე პერიოდი გამოვიარეთ. ყველას კარგად ახსოვს ის პერიოდი, როდესაც დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში და შემდგომ უკვე როგორ განვითარდა მოვლენები. საქართველო რაღაცნაირად, ახლა უკვე ვხედავთ რატომაც, მოექცა ეპიცენტრში. საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელზეც ყველაზე მეტი განცხადება კეთდებოდა, ყველაზე მეტი აქცენტი კეთდებოდა და ამას შეიძლება იმ წუთას ვერ ვხსნიდით, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ახსნა ოპოზიციის მხრიდან ჰქონდა ის, რომ საქართველო არასწორ მხარეს იდგა, საქართველო სათანადოდ არ ეხმარებოდა უკრაინას, თითქოს რაღაც დავაკელით, ჩვენი გაკეთებული და გადადგმული ნაბიჯები სადღაც იკარგებოდა და ზედაპირზე ჩანდა მხოლოდ ის, რასაც მანიპულაციურად ავრცელებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია, მათი მხარდამჭერები ქვეყნის გარეთ და ეს კოორდინაცია, რაც საქართველოსთან დაკავშირებით იყო და მიმდინარეობდა, უკავშირდებოდა პირდაპირ საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვას. რა მოთხოვნებიც იდგა საქართველოს წინაშე, შეიძლება ემოციური ფონზე ასე არ ფასდებოდა, მაგრამ დღეს ცივ გონებაზე ძალიან კარგად შეგვიძლია შევაფასოთ რას ითხოვდნენ საქართველოსგან.
7 მარტის აქცია რომ გაიხსენოთ, მოთხოვნები ძალიან კარგად იყო ჩამოყალიბებული. იქ რასაც ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, დახმარებას უკრაინის კონფლიქტში და ეს ყველაფერი მოდიოდა, რა თქმა უნდა იმ მოთხოვნებიდან, რომელიც კიდევ დახურულ კარს მიღმა დგებოდა ქართველი პოლიტიკოსების წინაშე. ანუ რომელ მხარეს ვდგავართ, სად არის საქართველო, რატომ არ ეხმარება უკრაინას და რაში შეიძლება და გამოხატულიყო უკრაინისადმი დახმარება.
მე ძალიან კარგად მახსოვს, ჩემი ვიზიტი სტრასბურგში, პირველი ვიზიტი იყო ომის დაწყების შემდგომ. მაშინ როდესაც მე და ჩემი კოლეგა პარლამენტიდან ვიდექით აქციაზე, რომელიც უკრაინის მხარდამჭერი იყო და მხარდასაჭერად იყო ორგანიზებული, გაბრაზებული და გაცეცხლებული ევროპარლამენტარი მოითხოვდა ჩვენგან პასუხს, რატომ არ უერთდება საქართველო სანქციებს და რატომ არ აწესებს საქართველოს სანქციებს რუსეთის მიმართ. ამის ახსნის გაგონებაც კი არ სურდათ მაშინ, იმდენად აგრესიული იყო ტონი და იმდენად არ იყო მიმღებლობა საერთოდ იმ პოზიციებისა რა პოზიციებსაც საქართველო მაშინ აჟღერებდა.
ძალიან შეურაცხმყოფელი სიტყვებითაც მოგვიხსენიებდნენ ჩვენ, მოიხსენიებდნენ ყველას, ვინც ამ პასუხისმგებლობას ატარებდა ხელისუფლების მხრიდან, რომ ჩვენს ქვეყანას არ შეჰქმნოდა უსაფრთხოების ეგზისტენციალური გამოწვევა. ამაზე პასუხისმგებლობას დღეს ვერ მოვთხოვდით ჩვენ ვერცერთ ევროპარლამენტარს, პასუხისმგებლობას ვერ მოვთხოვდით, ვერც ყოფილ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ვერც ყოფილ მაღალჩინოსნებს. ბიუროკრატები იცვლებიან ევროპის ქვეყნებში, სხვადასხვა ქვეყანაში. ამაზე პასუხისმგებელი ვიქნებოდით ჩვენ, საქართველოს ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომელსაც ჰქონდა ქვეყნის დაცვის ვალდებულება“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.