ტრამპი: დღეს მოვისმინე - „ოჰ, ჩვენ არ მიგვიწვიეს“ - სამი წელი გქონდათ, სამი წლის თავზე უნდა დაგესრულებინათ ეს ომი, არასდროს უნდა დაგეწყოთ ის

ტრამპი: დღეს მოვისმინე - „ოჰ, ჩვენ არ მიგვიწვიეს“ - სამი წელი გქონდათ, სამი წლის თავზე უნდა დაგესრულებინათ ეს ომი, არასდროს უნდა დაგეწყოთ ის

დღეს მოვისმინე - „ოჰ, ჩვენ არ მიგვიწვიეს“ - სამი წელი გქონდათ, სამი წლის თავზე უნდა დაგესრულებინათ ეს ომი, - ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას იმის თაობაზე, რომ ოფიციალური კიევი აშშ-სა და რუსეთს შორის საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებზე არ მიიწვიეს.

„ვფიქრობ, რომ მე მაქვს ძალა, დავასრულო ეს ომი და ვფიქრობ, რომ ეს პროცესი კარგად მიდის. მაგრამ დღეს მოვისმინე - „ოჰ, ჩვენ არ მიგვიწვიეს“ - სამი წელი გქონდათ, სამი წლის თავზე უნდა დაგესრულებინათ ეს ომი. არასდროს უნდა დაგეწყოთ ეს ომი. შეგეძლოთ გარიგების დადება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„მათ სამი წლის განმავლობაში ჰქონდათ ადგილი [მოლაპარაკებების მაგიდასთან] და მანამდეც. ამის მოგვარება ძალიან მარტივად შეიძლებოდა. გამოუცდელ მომლაპარაკებელსაც შეეძლო წლების წინ გადაეწყვიტა ეს საკითხი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ზურგს უკან არავინ უნდა გადაწყვიტოს უკრაინის ბედი.

„შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღება უკრაინის გარეშე. ჩვენ არ მიგვიწვიეს ამ რუსულ-ამერიკულ შეხვედრაზე საუდის არაბეთში. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის სიურპრიზი იყო, როგორც ბევრისთვის“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.