როგორც ნიურნბერგის პროცესის შემდეგ ფაშისტები ვეღარ ბედავდნენ და ვეღარ ბედავენ დღემდე ამდენი ათწლეულის გასვლის შემდეგ განაცხადონ გერმანიაში ხელისუფლებაზე პრეტენზია, ასევე ვეღარ უნდა გაბედოს „ნაცმა“ განაცხადოს პრეტენზია, რომ მოვიდეს საქართველოს ხელისუფლებაში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.
მისივე თქმით, „ნაცში“ იგულისხმება არა მხოლოდ 5 ნომრიანი პარტიული კუთვნილება, არამედ, მათი გუნდის აქტიური წევრობა.
„კიდევ უფრო მყარად და ხისტად თავისი სახელი დაერქმევა ყველაფერს და მომავალში, როგორც ნიურნბერგის პროცესის შემდეგ ფაშისტები ვეღარ ბედავდნენ და ვეღარ ბედავენ დღემდე ამდენი ათწლეულის გასვლის შემდეგ განაცხადონ გერმანიაში ხელისუფლებაზე პრეტენზია, ასევე ვეღარ უნდა გაბედოს „ნაცმა“ განაცხადოს პრეტენზია, რომ მოვიდეს საქართველოს ხელისუფლებაში.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რაც არ უნდა დაირქვან, „ნაცში“ იგულისხმება არა მხოლოდ 5 ნომრიანი პარტიული კუთვნილება, არამედ, მათი გუნდის აქტიური წევრობა წარსულში, აწმყოში და მომავალში. ეს უნდა დავიმახსოვროთ, რომ „ნაცი“ და „ნაცის“ გვერდზე მდგომი, მისი იდეოლოგიის გამტარებელი არ არის მხოლოდ 5 ნომრის ქვეშ მოქმედი ადამიანი. ეს არის იმ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის, ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი ადამიანი, რომელიც იზიარებს „დიფ სთეითის“ და მისი აგენტურის მიერ დამკვიდრებულ ტრენდებს და შესაბამის იდეოლოგიას“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება.
„რა მოჰყვება ამას, ალბათ თქვენც ადვილად გასცემთ პასუხს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.