როგორც კი ქართველი პოლიციელის მიერ ძალის გამოყენება გადასცდება ევროპელი პოლიციელის ძალის გამოყენების რაღაც ზღვრებს, პირველები ვიქნებით, ვინც ამაზე ვუსაყვედურებთ ქართულ პოლიციას, - განაცხადა ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
ჯურნალისტმა მას ჰკითხა, როგორ აფასებს ოპოზიციის განცხადებებს გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით, რომლებიც აპელირებენ სამართალდამცველების მხრიდან ძალადობაზე.
„ყოველგვარი ნიშნის მოგების და ირონიის გარეშე გეტყვით, როგორც კი ქართველი პოლიციელის მიერ ძალის გამოყენება გადასცდება ევროპელი პოლიციელის ძალის გამოყენების რაღაც ზღვრებს, პირველები ვიქნებით, ვინც ამაზე ვუსაყვედურებთ ქართულ პოლიციას. როგორც უნდათ ახლა, ისე გაიგონ ეს ჩემი მესიჯი. ქართველი პოლიციელები მოქმედებენ უფრო ჰუმანურად და შედარებითია ყველაფერი. როგორც კი მიუახლოვდება გერმანელი, ფრანგი და სხვა ევროპელი, ან ამერიკელი პოლიციელების უხეშობის დონეს, პირველები ჩვენ ვიქნებით რომ საყვედურს ვიტყვით. ყოველთვის არის უხეშობის პრეცედენტები.
ამათ [ოპოზიციას] უნდა, რომ სახელმწიფოს დანგრევის, ინსტიტუტების ჩამოშლის მცდელობა გადაფარონ იმით, რომ რომელიღაც პოლიციელმა ვიღაცაზე იუხეშა. მთავარია ყველა იყოს ჯანმრთელად. სპეციალური ღონისძიებები დამთავრდეს ხოლმე ისე, რომ ვიღაცის ჯანმრთელობა არ დაზიანდეს, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით. გახარია როგორც თხრიდა ვიღაცებს თვალებს და შემდეგ ჩვენ გვიწევდა მისი დაცვა. თვალების დათხრა რომ ლეგიტიმური იყო, ცხოვრებაში არ გვითქვამს არც ერთ ჩვენგანს, მაგრამ ამას ვამბობდით, რომ ლეგიტიმური იყო მოგერიება. წინა ხელისუფლების წარმომადგენლები კლავდნენ ადამიანებს, რომლებიც არ ძალადობდნენ არავისზე. იქ [აქციაზე] იდგნენ უბრალოდ. კლავდნენ მშვიდობიანად მდგომ მოქალაქეებს და სახურავებზე აწყობდნენ, ამისი ავტორი ხალხი ვიღაცამ ვიღაცას სადღაც მიარტყა, რა საზიზღრობააო, ამაზე ლაპარაკობენ. მიარტყა ცუდია, მაგრამ ასიათასჯერ დაბალი ხარისხის დარღვევაა, ვიდრე მათ მიერ ჩადენილი ნებისმიერი ქმედება საკუთარი მმართველობის დროს. ახლა მკვლელი „ნაცები“ გვამუნათებენ ჩვენ პოლიციელის მიერ ძალის გამოყენებაზე, ის ხალხი რომელიც უშუალოდ კლავდა. ამიტომ ვერ მივიღებთ მათგან ვერანაირ შენიშვნას“, - აღნიშნა მდინარაძემ.