ჩინეთი იქნება ერთგვარი მექანიზმი რუსეთზე გარკვეული გავლენის მოსახდენად, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა. მან უკრაინაში მიმდინარე ომზე და მის გარშემო მსოლფიოში განვითარებულ პროცესებზე ისაუბრა. ამ კონტექსტში ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, რომ დონალ ტრამპს სურს ყველა იმ გავლენიან სახელმწიფოსთან თანამშრომლობა, რომელსაც შეუძლია ამ ომის დასრულებაში გარკვეული როლი შეასრულოს.
„ჩვენ გვახსოვს ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებები და განცხადებები, როცა ის ამბობდა, რომ ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, ეს ომი არ იქნებოდა. შემდეგ როცა ის პრეზიდენტის რანგში აცხადებს, რომ ამ ომს დაასრულებს, ეს არის მნიშვნელოვანი. რამდენიმე ხნის წინ, სანამ ის პრეზიდენტი გახდებოდა, ჩინეთის მხრიდან გარკვეული მზაობა იყო გამოთქმული ომის შეწყვეტასა და მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, კულებაც კი გაემგზავრა ჩინეთში და ეს მოლაპარაკება გარკვეულწილად შედგა. ბრიტანეთის პრემიერი, ბორის ჯონსონიც კი აცხადებდა იმ პერიოდში, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი და მხოლოდ ჩინეთს შეუძლია განადგურებისგან იხსნას უკრაინა. შემდეგ ვნახეთ როგორ განვითარდა მოვლენები: კულება ბრუნდება უკრაინაში, ერთი მხრივ ალბათ გახარებული, რომ მან მიაღწია სანუკვარ მშვიდობას, რომ ჩინეთი მშვიდობის დამყარებისთვის ჩაერევა და ამ დროს, ბაიდენის ადმინისტრაციისგან უკრაინა იღებს ნებართვას რომ რუსეთის ტერიტორიაზე განახორციელოს საჰაერო დარტყმები. იყო ეს დარტყმები რასაც პუტინის პასუხიც მოჰყვა, შემდეგ უფრო და უფრო დაიძაბა ვითარება იმ დონეზე, რომ რუსეთმა მაქსიმალური ძალებით განაგრძო ომის მიმდინარეობა. ეს ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ ჩინეთის ეს მცდელობა, რამენაირად ჩაშლილიყო. ამასთან დაკავშირებით ტრამპის პოლიტიკა ძალიან საინტერესოა; ის ითვალისწინებს ჩინეთის სერიოზულ როლს საგარეო, მსოფლიო პოლიტიკაში და მას სურს რომ გააგრძელოს ჩინეთთან ისეთი ურთიერთობა რაც ორივე ქვეყნისთვის მისაღები იქნება. აქედან გამომდინარე, ასე ვთქვათ ტრამპი უწვდის მეგობრობის და თანამშრომლობის ხელს ჩინეთს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით და ერთი მხრივ ჩინეთი იქნება ერთგვარი მექანიზმი რუსეთზე გარკვეული გავლენის მოსახდენად. ომის დასრულება და მშვიდობის დამყარება ადვილი პროცესი არ არის, ვიცით, რომ ცეცხლის შეწყვეტა არის ერთი და მეორეა მთელი რიგი პროცესები, რომელიც უნდა გაიმართოს რათა ომი საბოლოოდ დასრულდეს. ტრამპი ეძებს თანამშრომლობას ყველა მხარესთან და ყველა იმ გავლენიან სახელმწიფოებთან, ვისაც შეუძლია მშვიდობის დამყარებაში თავისი როლი ითამაშოს, რაც ძალიან მისასალმებელი ჟესტი გახლავთ. აშშ სუპერსახელმწიფოა თავისი უზარმაზარი შესაძლებლობებით, აშშ თავის ინტერესებს ყოველთვის დაიცავს, შეეცდება ეს დომინანტობა შეინარჩუნოს და მეორე მხრივ ტრამპი პრაგმატულად უყურებს ჩინეთის მზარდ როლს მთელს მსოფლიოში და მას ჩინეთთან უნდა ისეთი ურთიერთობების დამყარება რაც ღირსეული და შესაფერი იქნება ორივე ქვეყნისთვის“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.