მამუკა მდინარაძე უილსონზე: ახმოვანებს „ნაცმოძრაობის“ მესიჯებს. საოცარი სიტუაციაა, დღის განმავლობაში რომ 3-4 სტატუსი შეგხვდებათ, ამ დროს იქ ღამეა

მამუკა მდინარაძე უილსონზე: ახმოვანებს „ნაცმოძრაობის“ მესიჯებს. საოცარი სიტუაციაა, დღის განმავლობაში რომ 3-4 სტატუსი შეგხვდებათ, ამ დროს იქ ღამეა

ეს არის ლობისტი, რომელიც ახმოვანებს „ნაცმოძრაობის“ მესიჯებს და მათი პატრონების მესიჯებს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჯო უილსონზე საუბრისას. კერძოდ, იგი გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის მეთიუ ბრაიზას განცხადებას, რომლის თანახმადაც ის ფიქრობს, რომ ჯო უილსონის მოსაზრებები ექსტრემალურია და არ შეესაბამება ტრამპის მიდგომებს.

მამუკა მდინარაძის თქმით, ჯო უილსონი თითო განცხადებაში გარკვეულ გასამრჯელოს იღებს.

„საოცარი სიტუაციაა, დღის განმავლობაში რომ 3-4 სტატუსი შეგხვდებათ X-ზე, „დატვიტავს“, ასე დავარქვათ ამ შემთხვევაში, ძველი სახელიდან გამომდინარე, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დროს იქ ღამეა. ანუ, კაცი იღვიძებს ღამე ორზე, შემდეგ ოთხზე, შემდეგ ექვსზე, შემდეგ რვაზე, ანუ, არ სძინავს და თითო განცხადებაში გარკვეულ გასამრჯელოს იღებს. ეს იქ კანონიერი საქმიანობაა, „ფარაზეც“ მოიპოვება შესაბამისი მტკიცებულებები, ამერიკაში რომ რუსული კანონი მოქმედებს, იმ „ფარას“ ვგულისხმობ. შესაბამისად ამისა, ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ფულის გამო გაკეთებული განცხადებები და გასაგებია. ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ და ისიც უნდა იცოდეს, რის გამო მავნებლობენ ჩვენი ოპონენტები ამ საკითხებთან დაკავშირებით და ვისგან მავნებლობენ.

ერთი ადამიანი ამოარჩიეს, ეს ადამიანი, სხვათა შორის, მსგავსი შემოთავაზებებით იყო წლების წინ ჩვენი გუნდის წევრების მიმართ. შესაბამისი ფოტოებიც კი არსებობს, როგორ იღებდა და უგზავნიდა შემდეგ ზოგიერთ ჩვენს ლიდერს და თანაგუნდელს თავის ფოტოებს და როცა დაგჭირდე, აქ ვარო, იძახდა, თავისი შემოთვლებით და ა.შ. არასერიოზული ხდება ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მთავარი რა არის იცით? პოზიციები როდესაც ერთმანეთს ემთხვევა. ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის და ჩვენი პოზიციები იმდენად თანხვედრაშია, მისგან რაღაც გამოვარდნები უკვე არაბუნებრივ სახეს იძენს. თუ ეს ადამიანი ტრამპის პოზიციას იზიარებს, მაშინ საჩვენო განცხადებებს უნდა აკეთებდეს.

მაგალითად, მარკო რუბიოს განცხადება, სიტყვების, ფრაზების დონეზეც კი დაემთხვა ჩვენ აგერ წლების განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებს, ხედავთ ალბათ და ამიტომ არის გამოვარდნილი კონტექსტიდან ამ ადამიანის განცხადებები“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.