რაღაც გარკვეულ პოლიტიკურ ფაზაში როცა შედის ქვეყანა, ზუსტად მაშინ ხდება „ფაქტ ჩეკერების“ გააქტიურება, - განაცხადა „იმედის“ ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედია ჯგუფის ხელმძღვანელმა ნიკა კლდიაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფაქტების გადამოწმების პროგრამების გაუქმების შესახებ Meta-ს გადაწყვეტილებაზე საუბრისას.
„მაგალითად „გამჭვირვალობის კანონი“ იყო მათი ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი. ფიზიკურად ვერ ვავრცელებდით ინფორმაციას. მაგალითად მე რომ დავაწერო „გამჭვირვალობის კანონი“, მათი ლოგიკით შეუძლიათ, რომ დაწერონ სტატია და დაამტკიცონ, რომ თითქოს, ეს „გამჭვირვალობის კანონი“ კი არ არის, არამედ ეს არის „რუსული კანონი“. ეს არის მაგალითი იმისა, რამდენად ნონსენსი შეიძლება იყოს მათი სტატიები, მაგრამ ზუსტად მსგავსი სტატიების გამო დავბლოკილვართ ძალიან ბევრჯერ.
იყო პერიოდი, როდესაც ვერ ვუშვებდით ე.წ. „ლაივებს“, საინფორმაციო გამოშვებას ვერ ვაწვდიდით ინტერნეტ მაყურებლებს, შემდეგი პრობლემა იყო გვერდის წაშლა და საბედნიეროდ Meta-სთან კომუნიკაციის წყალობით დავიბრუნეთ, ასევე რეკლამის ფუნქციის შეზღუდვა, რომელიც დღესაც დაბლოკილია“, - აღნიშნა ნიკა კლდიაშვილმა.
კომპანია Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს და თავის პლატფორმებზე, Facebook-სა და Instagram-ზე სიტყვის თავისუფლებაზე დაწესებულ შეზღუდვას აუქმებს. კომპანიის განცხადებით, ფაქტების შესამოწმებლად დამოუკიდებელ შემმოწმებლებს მიმართეს, „თუმცა, მოგვიანებით ნათელი გახდა, რომ ისინი პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან“.