კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი იტალიაში? - საბა გოგლიჩიძით

კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი იტალიაში? - საბა გოგლიჩიძით "მილანი"დაინტერესდა

"მილანის" ხელმძღვანელობა მიზნად ისახავს „ემპოლის" ქართველი ცენტალური მცველის, საბა გოგლიჩიძის დამატებას, - ინფორმაციას Geo Team-ი და იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებენ.

Geo Team-ის ცნობით, „მილანმა" „ემპოლის" 4 დღის წინ აცნობა, რომ მზადაა, საბა გოგლიჩიძის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყოს. „ემპოლი" ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს. „მილანი" თანახმაა, გადაიხადოს ეს თანხა და სეზონის ბოლომდე გოგლიჩიძე „ემპოლიში" იჯარის წესით დატოვოს.

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ჯანლუკა დი მარციომ Sky Sport Italia-ს პირდაპირ ეთერში ასევე დაადასტურა აღნიშნული ინფორმაცია.

„ჯერ უცნობია, ეს ტრანსფერი ივნისში განხორციელდება თუ ახლავე. სავარაუდოდ, ქართველი ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე „ემპოლიში" დარჩება, თუმცა ფაქტია, რომ „როსონიერის" ხელმძღვანელობა აქტიურად ცდილობს ცენტრალური მცველის დამატებას", - განაცხადა ჯანლუკა დი მარციომ.

საბა გოგლიჩიძე 20 წლისაა. ის ქუთაისის „ტორპედოს" აღზრდილია. ფეხბურთელი „ემპოლის" 2024 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ლევან მჭედლიძის რეკომენდაციით, ნახევარ მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად შეუერთდა. მისი მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მიმდინარე სეზონში მან სერია A-ს ეგიდით 16 მატჩი ჩაატარა.