კარგია დგომა, მაგრამ კიდევ უფრო კარგია იმის მომზადება, რაც გვჭირდება ხვალინდელი დღისთვის, კრიზისიდან გამოსავალი არის თავისუფალი არჩევნები, და შემდეგი არჩევნებისთვის მოუმზადებელი არ უნდა აღმოვჩნდეთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში განაცხადა, სადაც შეკრებილ მოსახლეობას მიმართა.
მისი თქმით, საჭიროა ახალი პარტიების ჩამოყალიბება, რომლებიც ასახავს იმ ახალ საქართველოს, რომელიც დღეს იბადება.
„რეჟიმი არ არის დემოკრატიული, მაგრამ საზოგადოება ასეთი დემოკრატიული, ასეთი შეგნებული, ასეთი პასუხისმგებლიანი და ასეთი მშვიდობიანი საქართველოში დიდ ხანია, არ ყოფილა. ეს ჩამოყალიბდა და ამ საზოგადოებას უნდა მშვიდობიანი გამოსავალი ამ უღრმესი უდიდესი კრიზისიდან და ეს გამოსავალი არის თავისუფალი არჩევნები. ამას ითხოვენ ჩვენი მეგობრები გარეთ, ამას ვითხოვთ ჩვენ და ამას მივაღწევთ, მაგრამ ამას რომ მივაღწიოთ, უნდა ვიღოთ მზად. არ არის საკმარისი ვიძახოთ არჩევნები, არჩევნები. არჩევნებს უნდა მზადება ყველა მხრივ და ამაშიც მზად ვარ, დაგეხმაროთ, რომ თქვენი ძალები გამოჩნდეს ქვეყანაში, რომ ვიცოდეთ ვინ ხართ, სად ხართ, რომ შემდეგ არჩევნებზე აღარ იყოს ლაპარაკი – მე ეს პარტია არ მომწონს, ის პარტია არ მომწონს. თუ არ მოგწონთ – ჩამოაყალიბეთ, თქვენი ჯერი მოვიდა. იმ პარტიებსაც ექნებათ თავიანთი ადგილი, მრავალფეროვნება არის ამ ქვეყნის სიძლიერე, მაგრამ ახალი პარტიები ნამდვილად საჭიროა, რომელიც ასახავს იმ ახალ საქართველოს, რომელიც დღეს იბადება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, საჭიროა მზადყოფნა და ეს არ უნდა იყოს გადადებული ხვალინდელი დღისთვის.
„ეს გუშინ უნდა დაწყებულიყო. კარგია დგომა, მაგრამ კიდევ უფრო კარგია მომზადება იმის, რაც გვჭირდება ხვალინდელი დღისთვის. შემდეგი არჩევნებისთვის მოუმზადებელი არ უნდა აღმოვჩნდეთ. მე პირადად, ყველა ძალებთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩამოვაყალიბოთ ის პირობები , რომელიც იქნება მინიმალური პირობები, რომ ჩვენ, თქვენ, ყველამ დავიჯეროთ, რომ არჩევნები იქნება მართლაც თავისუფალი და მართლაც დაცული. ასე გავალთ ჩვენ სამშვიდობოზე. სხვა გზა არ არის ამ ქვეყნისთვის, ამ რეგიონში, სხვა გზა არ არის არსად. თუ გვინდა, მშვიდობაც და თავისუფლებაც და დემოკრატიაც – ეს არის არჩევნები, კარგად მომზადებული არჩევნები, რომელსაც ბოლომდე დავიცავთ“, – განაცხადა სალომე ზურაბშვილმა.
მისი თქმით, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ოპოზიცია არ მომზადებულა ისე, როგორც საჭირო იყო.
„კარგად ვიცით, რომ წინა არჩევნები არამხოლოდ გააყალბეს ისეთი დახვეწილი მეთოდებით, რომელიც მხოლოდ ქვეყნის გარეთ იყოს მოფიქრებული, მაგრამ ისიც მართალია, რომ ჩვენ არ მოვემზადეთ ისე, როგორც საჭირო იყო. დარწმუნებული ვიყავით, რომ ვიყავით მეტნი, რაც სწორი არის და დარწმუნებული ვიყავით, რომ გავიმარჯვებდით. ახლა დარწმუნებულიც უნდა ვიყოთ, მაგრამ მომზადებულიც უნდა ვიყოთ. ეს არის ჩვენი მოვალეობა, თქვენი მოვალეობა, ჩემი მოვალეობა. ამ ბრძოლაში, ამ მშვიდობიან ბრძოლაში ვართ ერთად და ნამდვილად გავიმარჯვებთ ყველანი ერთად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.