"ბატონი გახარია თავს უფლებას აძლევს, პია კაუმას ქრთამის აღება დააბრალოს" - ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკური შეფასებების საგანია გიორგი გახარიას განცხადება, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, რომელზეც ექსპრემიერმა თქვა, რომ პია კაუმა ქვეყანაში შესაძლოა შემოტყუებით ჩამოდიოდა.

სახელისუფლებო გუნდში კი ამბობენ, რომ ოპოზიცია ყველაზე დიდ სადამკვირვებლო ორგანიზაციას მიზანმიმართულად უტევს, რადგან ეუთო/ოდირის წარმომადგენლები საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან ოფიციალურ ვიზიტით ჩამოდიოდნენ.

"ქალბატონი კაუმას ვიზტი, რომელიც მისი ინიციატივით იყო დაგეგმილი, უკვე ყველასთვის ცნობილი მიზეზების გამო გადაიდო და სერიოზული ბულინგი წამოვიდა, როგორც საქართველოდან, ასევე მგონი მსოფლიოში არცერთი წერტილი არ დარჩენილა, ვინც არ მისწერა, ან არ დაურეკა ქალბატონ კაუმას. შემდეგ მან წერილი გამოგზავნა, საგარეო საქმეთა მინისტრს აუხსნა სიტუაცია და შესაბამისი მომენტი რომ იქნება, მერე ჩამოვალო. შეხვედრის მთავარი მიზანი არის ის, რომ მას სურს გააგრძელოს მუშაობა არჩეულ ხელისუფლებასთან რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება გახარიას წამოცდენას, მან პირდაპირ დაადანაშაულა ქალბატონი კაუმა ქრთამის აღებაში. ჩვენ პირდაპირ ვსაუბრობთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტზე და ბატონი გახარია თავს უფლებას აძლევს, მას დააბრალოს ქრთამის აღება იმისთვის, რომ ის საქართველოში ჩამოსულიყო და ის საქმიანი პროცესი გაეგრძელებინა, რომელზეც თვეებია უკვე ჩვენ ვსაუბრობთ და რომელზეც ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს გამოხატული", - აცხადებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.