ჯო უილსონი წინასაარჩევნო კამპანიაშიც ერეოდა და თურმე არც უანგაროდ და არც დემოკრატიის სიყვარულის გამო, ამაში გარკვეული ანაზღაურებაც ჰქონია - ქართველი ხალხი კარგად ხედავს რა ძალებთან გვაქვს საქმე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა “დღის ქრონიკაში“.
„ფარამ“ დადო ჯო უილსონის ნამოქმედარი, რომ ის შესაბამის თანხას იღებს გარკვეული საკითხების ლობირებისათვის. ეს ჩვენი მასალა ხომ არ არის?! ეს ინფორმაცია თვითონ აშშ-ის „ფარამ“ დადო, რომელიც საჯაროა და ყველას შეუძლია ნახოს. ის ამ საქმიანობაში კონკრეტულ თანხას იღებს, ის მხარეა. ჯო უილსონი წინასაარჩევნო კამპანიაშიც ერეოდა და თურმე არც უანგაროდ და არც დემოკრატიის სიყვარულის გამო. ამაში გარკვეული ანაზღაურებაც ჰქონია.
ასევე არსებობს მაკკეინის ინსტიტუტი, რომელიც არჩევნებამდე საქართველოში რევოლუციას აანონსებდა იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობაში ისევ მმართველი პარტია დარჩებოდა. ეს, რა თქმა უნდა, არ გამოუვიდათ და მაკკეინის ინსტიტუტმა წუხილი გამოთქვა, რომ გამოსვლების შემდეგ მსხვერპლი არ იყო. პირდაპირ გამოხატა იმის სურვილი, რომ საქართველოში მსხვერპლი ყოფილიყო და სიტუაცია უფრო გამწვავებულიყო. ამის შემდეგ, მაკკეინის ინსტიტუტი სტიპენდიით აჯილდოებს სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც საქართველოში რევოლუციისთვის უნდა ეხელმძღვანელა და აქაც შესაბამისი ანაზღაურება გამოჩნდა. ასეთ სპექტრთან გვაქვს საქმე. საქართველოს მოსახლეობა ამას ხედავს და კარგად ხვდება, რა ძალებთან და რა ნაბიჯების გადადგმასთან გვაქვს საქმე. ხვდებიან, რომ აქ უანგაროდ არაფერი ხდება, ეს ხალხი არის ძალიან ბინძური მეთოდების გამომყენებლები და ამაში მონაწილეობს ბინძური ფული, რომლის აღებაზე უარს არ ამბობენ“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
ჯო უილსონი და ლორა თორნტონი საქართველოს ჩინეთთან თანამშრომლობის გამო აკრიტიკებენ, იმ ფონზე, როცა ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად აქტიურად მუშაობს.
სალომე ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატი გახდა.