გასულ არჩევნებში ჩვენ ვიყავით ერთად, ერთ არაფორმალურ კოალიციად წარმოდგენილი „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ და შესაბამისად, ეს იყო ჩვენი, საერთოდ წინასაარჩევნო დაპირება. ბუნებრივია, ეს არის ის საკითხი, რომელსაც ჩვენ უცილებლად ვეთანხმებით, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა, საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფორმატი მისაღებია, რადგან პროცესი სრულად იქნება გამჭვირვალე.
„მეთოდი, როგორ უნდა მომხდარიყო საპარლამენტო კომისიის სახით თუ პირდაპირ გამოძიება, ვთქვათ პროკურატურის დონეზე, ამაზე შეიძლებოდა კამათი ყოფილიყო. მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენც მიგვაჩნია, რომ სწორი არის სწორედ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს პროცესი, სადაც ყველაფერი იქნება ღია და გამჭვირვალე. რომელიც გადაიცემა პირდაპირ ეთერში, ყველა დაკითხვა, ყველა მოწმე, ყველა დასაკითხი პირის ჩვენება, ყველა მტკიცებულება იქნება საჯაროდ განხილული და გამოიკვეთება, როგორც პოლიტიკური მდგენელი „ნაციონალური მოძრაობის“ ჩადენილი მართლაც უმძიმესი დანაშაულების, ისე ის დანაშაულები, რომლებიც კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულებს შეიცავს და რომლებიც გადაგზავნილი უნდა იქნეს პროკურატურაში.
ასე, რომ ჩვენ აბსოლუტურად ვეთანხმებით, რომ ფორმატი უნდა იყოს ის, რომელიც არის შემოთავაზებული „ქართული ოცნების“ მხრიდან“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.