ცხადია, საბიუჯეტო დაფინანსების აღება, რომელიც არჩევნებზე მიღებულ ხმებზეა მიბმული, ბუნებრივია ნიშნავს, რომ ამ ნაწილში აღიარებ არჩევნების შედეგებს, - განაცხადა პარტია „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
მისი თქმით, თავიდანვე ცხადი იყო, რომ პარტიებს არ სურდათ უარი ეთქვათ დაფინანსებაზე.
„ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ დანარჩენი პარტიები, ვინც არ აღიარებს არჩევნებს და დაფინანსებაზე უარს იტყოდა, ჩვენც შევუერთდებოდით, რომ ერთსულოვანი გადაწყვეტილება ყოფილიყო. მაგრამ გასაგები იყო, რომ პარტიებს არ ჰქონდათ იმის სურვილი“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
ირკვევა, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგებით განსაზღვრულ დაფინანსებაზე ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებიდან სამი პარტია უარს არ ამბობს.
ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების შედეგების მიხედვით, პარტიების დაფინანსებას 6 პარტია მიიღებს: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“. უარი მხოლოდ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ პარტიამ განაცხადა.