იმედი მაქვს, ის შეასრულებს დანაპირებს და უკრაინაში მიმდინარე ომს დაასრულებს. საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა, მოლაპარაკებები და თანმდევი სამშვიდობო ხელშეკრულება, მითუმეტეს, როდესაც ვხედავთ თუ როგორ ცდილობს პრეზიდენტი ბაიდენი ტრამპს ხელი შეუშალოს, - განაცხადა აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის ადმინისტრაციის უფროსმა, თადარიგის პოლკოვნიკმა ლოურენს უილკერსონმა ლაშა კასრაძესთან ინტერვიუში.
წამყვანმა მას ჰკითხა: „პოლკოვნიკო, თქვენი ნებართვით მე საუბარს დაივიწყებ კომპანია „გალუპის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შესახებ, რომლის მიხედვითაც უკრაინელთა 52 პროცენტი ემხრობა მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყებას. ეს ომი უკრაინისთვის უდიდესი ტრაგედია გამოდგა. ომი ისე არ წარიმართა, როგორც ამას ზოგიერთი წარმოიდგენდა, როგორც ეს აღქმული იყო თავისუფალ სამყაროში. სანამ უკრაინასთან დაკავშირებით გკითხავთ, მსურს უფრო ზოგადი შეკითხვა დაგისვათ - ამჟამად, ამერიკის შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკური ცვლილებების, დონალდ ტრამპის დაბრუნების და ხელმეორედ გაპრეზიდენტების თაობაზე. მე ხშირად მითქვამს, რომ ტრამპის დაბრუნება თეთრ სახლში ტრიუმფალური იყო, როგორც წესი, ახალ პრეზიდენტს უკავშირდება ახალი იმედი, რას ფიქრობთ დონალდ ტრამპისა და მისი საგარეო პოლიტიკის შესახებ?“.
თავის მხრივ, ლოურენს უილკერსონმა აღნიშნა, რომ ეს ძალიან რთული შეკითხვაა და რომ მას ამ შეკითხვას 2016 წლამდეც და 2016 წლის შემდეგაც უსვამდნენ.
„არ ვარ დარწმუნებული რომ ერთხელ მაინც გავეცი სწორი პასუხი, ვინაიდან ის საკმაოდ არაპროგნოზირებადი პიროვნებაა. ვიტყოდი, ის განსხვავებული ფენომენია. შესაძლოა ჩვენი სახელმწიფოს დაარსების დღიდან მოყოლებული, ჩვენ გვყოლია რამდენიმე უცნაური ადამიანი მეთაურთა რიგებში, მაგრამ ტრამპი ალბათ მათ შორის ყველაზე უცნაურია და მე ამ ტერმინს დიდი სიფრთხილით ვიყენებ, რადგან ამას გულით ვამბობ. რაც შეეხება ჩემს კომენტარს - ჩემი პასუხი ტრამპის შესახებ დღევანდელობიდან გამომდინარე შეიძლება გამოდგეს როგორც რაციონალური, ზუსტიც კი გარკვეული თვალსაზრისით, თუმცა ხვალ მოცემულობა შეიძლება შეიცვალოს და პასუხი ჟღერდეს როგორც წარმოუდგენლად მცდარი. მაგრამ მაინც, მე იმედი მაქვს რომ ის შეასრულებს დანაპირებს და უკრაინაში მიმდინარე ომს დაასრულებს. საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა, მოლაპარაკებები და თანმდევი სამშვიდობო ხელშეკრულება. მითუმეტეს, როდესაც ვხედავთ თუ როგორ ცდილობს პრეზიდენტი ბაიდენი ტრამპს ხელი შეუშალოს. არ ვიცი ეს ბაიდენს რამდენად გამოუვა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ და გვახსოვდეს, რომ ტრამპის გუნდში არიან ადამიანები - მარკო რუბიო მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნობის კანდიდატი, თავდაცვის დეპარტამენტის მდივნობის კანდიდატი, პიტ ჰეგსეთი - ამ ხალხს უკრაინაში ომის შეჩერება არ სურთ“, - განაცხადა ლოურენს უილკერსონმა.
ინტერვიუს დასაწყისში ლაშა კასრაძემ მაყურებელს ლოურენს უილკერსონი წარუდგინა.
„პოლკოვნიკი უილკერსონი გახლდათ სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის ადმინისტრაციის უფროსი 2002 წლიდან 2005 წლის ჩათვლით, ასევე მსახურობდა სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტში ასოცირებული დირექტორის პოზიციაზე. მის საქმიანობას ზედამხედველობდა ელჩი რიჩარდ ჰაასი. ამ უწყებაში საქმიანობისას, პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი პასუხისმგებელი გახლდათ პოლიტიკურ, საკანონმდებლო და სამხედრო მიმართულებზე სამხრეთ აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონებში. სახელმწიფო დეპარტამენტში საქმიანობამდე, ლოურენს უილკერსონი 31 წლის განმავლობაში მსახურობდა ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში, ამ პერიოდში ის გახლდათ „ამერიკის სამხედრო ფლოტის კოლეჯის“ ფაკულტეტის წევრიც. ამ დროსვე, პოლკოვნიკი უილკერსონი მსახურობდა გენერალი კოლინ პაუელის საგანგებო თანაშემწედ, როდესაც გენერალი პაუელი შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი იყო. პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი მსახურობდა დირექტორისა და დირექტორის მოადგილის პოზიციებზე ვირჯინიაში, კუანტეკოში მდებარე საზღვაო ქვეითთა სამხედრო კოლეჯშიც. 1997 წელს, თადარიგში გასვლის შემდეგ, ის იწყებს გენერალ კოლინ პაუელის მრჩევლად საქმიანობას, ასევე ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში ის კითხულობდა ლექციებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე. ამჟამად ბატონი ლოურენს უილკინსონი, ჯორჯ ბუში უმცროსის პირველი ადმინისტრაციის შესახებ წიგნს წერს“, - აღნიშნა ლაშა კასრაძემ.