„სალომე ზურაბიშვილი, რომელიც, ჯერჯერობით, საქართველოს დე იურე პრეზიდენტია, ცდილობს, რომ ოპოზიციას სათავეში ჩაუდგეს და გარედან მიღებული დავალებები შეასრულოს“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, როცა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება და მას ეს დე იურე იარაღიც გამოეცლება ხელიდან, ოპოზიციაში კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება დაიწყება.
„ერთ-ერთი დავალება, რაც სალომე ზურაბიშვილს [გარე დამკვეთებისგან] აქვს, არის ძალიან მრავალრიცხოვანი და ჭრელი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება. თუმცა, [ვხედავთ, რომ] ამან შედეგი ვერ გამოიღო და ვერ გაერთიანდნენ, რადგან ოპოზიციურ სპექტრში ყველას აქვს თავისი მისწრაფება და ამბიცია და ყველას უნდა, რომ ლიდერი იყოს და ა.შ,. ამიტომ, ეს ყველაფერი ძალიან მალე დამთავრდება. ოთხ დღეში კი, როცა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება და მას ეს დე იურე იარაღიც გამოეცლება ხელიდან, ოპოზიციაში ვიხილავთ კიდევ უფრო მეტ დაპირისპირებას, გაცილებით მეტი ლიდერი გამოიკვეთება, რომელთაც თავიანთი დღის წესრიგი ექნებათ და სხვადასხვა სცენარს შესთავაზებენ ხალხს. ეს კი საბოლოოდ მიგვიყვანს იქამდე, რომ რადიკალები საზოგადოებას რაიმე ღირებულს ვერ შესთავაზებენ. იგივე წინასაარჩევნო პერიოდშიც ვიხილეთ, როცა მათი მთელი კამპანია აგებული იყო დასავლელი მაღალი რანგის პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე. ერთადერთი, რის გარშემოც რადიკალები ერთიანდებიან, არის ის, რომ ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდებით შეცვალონ, თუმცა, ამას ვერ ახერხებენ, რადგან ხალხს სჯერა იმ ხელისუფლების, რომელიც აირჩია“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.