ეკა სეფაშვილი: ოპოზიციის სცენარს რომ გავყვეთ, მანამ უნდა ვატაროთ არჩევნები, სანამ წაგებული ოპოზიცია არ მოვა ხელისუფლებაში, სანამ ქვეყანა საბოლოოდ არ აირევა და ომში არ ჩაერთვება

ეკა სეფაშვილი: ოპოზიციის სცენარს რომ გავყვეთ, მანამ უნდა ვატაროთ არჩევნები, სანამ წაგებული ოპოზიცია არ მოვა ხელისუფლებაში, სანამ ქვეყანა საბოლოოდ არ აირევა და ომში არ ჩაერთვება

"ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი ოპოზიციის მხრიდან ქუჩის პროტესტის გაზაფხულზე გააქტიურებას პროგნოზირებს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ოპოზიცია საგაზაფხულო სესიისთვის შეეცდება აქციებისათვის მეტი რადიკალიზმის შეძენას და იმ გზების ძიებას, რომელიც მათ წარმომადგენლებს პარლამენტში შესვლის საფუძველს შეუქმნის. 

„ასე უცებ არ მიწყნარდება პროცესები, ისინი ჯერ კიდევ შეეცდებიან აქციების გაგრძელებას, თუმცა, ვფიქრობ, ისეთი სიმძაფრის არ იქნება. ველოდები საგაზაფხულო სესიის დაწყებას და დაახლოებით ამ პერიოდისათვის მიმართავენ ალბათ მეტ რადიკალიზმს. მანამდე კი, სავარაუდოდ ძალიან ბევრი რამ შეიცვლება, მათ შორის მსოფლიოში - გაიმართება ტრამპის ინაუგურაცია და ურთიერთობებიც გადაიხედება და ოპოზიციაში დაიწყებენ იმ მიზეზის ძებნას, რაც მათ პარლამენტში შემოსვლის საშუალებას მისცემს," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა. 

დეპუტატმა ისაუბრა ასევე პრემიერ-მინისტრთან ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძის მხრიდან დროული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. „ვნახეთ, რომ პრემიერი ირაკლი კობახიძე შეხვდა ბიზნესის წარმომადგენლებს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, იმიტომ, რომ ბიზნესმენთა შორის იყო აზრთა სხვადასხვაობა. მათი გარკვეული ნაწილი ძალიან პრაგმატულად აფასებდა ქვეყანაში შექმნილ ვითარებას. ეს არის ხალხი, რომელიც ორიენტირებულია საქმის კეთებაზე და ვინ თუ არა ამ ადამიანებმა იციან ქვეყანაში სტაბილურობისა და მშვიდობის ფასი. თუმცა, მოვისმინე რამდენიმე მათგანის აზრი, რომ კრიზისის დასაძლევად რაღაც კომპრომისზე უნდა წავიდეთო. მაგრამ აქ არის ძირეული შეცდომა - რა კომპრომისზე უნდა წავიდეთ, რომელ ძალასთან? ანუ, ქვეყანა ავრიოთ, ინსტიტუციები მოვშალოთ, კანონის უზენაესობის პრინციპი დავარღვიოთ? ეს ხომ ისევ ბიზნესს დაარტყამს და მათსავე საწინააღმდეგოდ შემობრუნდება. საბოლოო ჯამში, მათივე სცენარს რომ გავყვეთ, მანამ უნდა ვატაროთ არჩევნები, სანამ წაგებული ოპოზიცია არ მოვა ხელისუფლებაში, ვიდრე ქვეყანა საბოლოოდ არ აირევა და ომში არ ჩაერთვება. ეს ბიზნესს რა თქმა უნდა, არ აწყობს. 

ბიზნესის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ კრიზისიდან გამოსავალი გარკვეულ კომპრომისზე წასვლაა, მოვუწოდებ კარგად დაფიქრდნენ რას უწოდებენ კომპრომისს. ვფიქრობ, კომპრომისი იყო სწორედ პრემიერ-მინისტრის შეხვედრა სექტორთან, როცა დაახლოებით 5 საათიან შეხვედრაზე მან ყველა კითხვას გულმოდგინედ გასცა პასუხი და პირდაპირ ესაუბრა მათ შექმნილ ვითარებაზე, იმ გამოწვევებზე, ცვლილებებზე და რეფორმებზე, რაც ქვეყანას აქვს ჩასატარებელი ბიზნესის განვითარების კუთხით. ეს არის ის მოდელი, რასაც ქვეყანა უნდა გაყვეს, თუ გვინდა ვიყოთ დემოკრატიული სახელმწიფო და ევროპული ტიპის ცივილური ქვეყანა," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.