ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, საქართველოს პოზიციონირება 20 იანვრის შემდეგ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებს დონალდ ტრამპი თავისი დაპირებების შესრულებას.
„ტრამპის ორი მთავარი დაპირების შინაარსი საქართველოს აწყობს. 1. ომის დამთავრება, სადაც ბუნებრივად ქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესები. 2. „დიფ სთეითის“ დამარცხება. როდესაც ჩვენ არაფორმალურ მმართველობაზე მიგვითითებდნენ ხოლმე (ამ დროს ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარეა შესაბამისი უფლებამოსილებით), რომელ არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი, თურმე აღმოჩნდა - მაგალითად გავლენიანი გამოცემა Hill წერს, რომ მოქმედი ადმინისტრაცია ომის პარტიად იქცა. როცა ჩვენ ვამბობდით ომის პარტიას, სიტყვა გლობალურს ვამატებდით იმიტომ, რომ ადგილობრივი ლოკალური ომის პარტია ვინ იყო ხალხს გაერჩია. როცა საუბარია ე.წ. „დიფ სთეითზე“, რომელზეც მომავალი ადმინისტრაციის ლიდერები საუბრობენ, ეს ნიშნავს თავად ბიუროკრატიაში ჩაბუდებულ არაფორმალურ, ოლიგარქიულ გავლენებს, მაგრამ ამისი ავტორები, ვის გავლენებზეცაა საუბარი, შეგვიძლია მოვიხსენიოთ როგორც გლობალური ომის პარტია, ან ნებისმიერი გლობალური ომის ძალებად და ა.შ. თურმე ჩვენ რომ გაღმა გვედავებოდნენ, თავად ჩვენზე გაცილებით ძლიერ და დიდი სახელმწიფოში ყოფილა და ამას თავად ამერიკელები აღიარებენ. დამოკიდებული იქნება ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება 20 იანვრის შემდეგ იმ მოვლენებზე, თუ რამდენად შეძლებს ბატონი დონალდ ტრამპი თავისი დაპირებების შესრულებას. რამდენად შეძლებს, რომ დასრულდეს ომი და როგორ დაამარცხებს ის ამ არაფორმალურ გავლენებს აშშ-ის ბიუროკრატიაში. თუ ის შეძლებს, რომ შეამციროს, მთლიანად ამოძირკვოს და დაამარცხოს, შესაბამისად, ჩვენზე ნებისმიერი მიმართულებით იხსნება წნეხი. მაგრამ თუ სამწუხაროდ ეს ვერ მოხდა, ბუნებრივია ეს ტურბულენტობა გაგრძელდება. ჩვენ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს მექანიზმი მძლავრად მუშაობს, ამას ვუმკლავდებით დღესაც და ხვალაც გავუმკლავდებით. ეს არაფორმალური გავლენები რაც უფრო შესუსტდება, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა მდინარაძემ.