შალვა პაპუაშვილი: მას შემდეგ, რაც მტკიცედ დავდექით და კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, დაიწყო მეორე ეტაპი, როდესაც უკვე მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხი იქცა მანიპულაციის ინსტრუმენტად

შალვა პაპუაშვილი: მას შემდეგ, რაც მტკიცედ დავდექით და კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, დაიწყო მეორე ეტაპი, როდესაც უკვე მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხი იქცა მანიპულაციის ინსტრუმენტად

მას შემდეგ, რაც მტკიცედ დავდექით და კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, დაიწყო მეორე ეტაპი, როდესაც უკვე მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხი იქცა მანიპულაციის ინსტრუმენტად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ტენდენციები არის, რომ ევროინტეგრაცია აქციონ ევროისტერიად.

„2022 წლის ივნისში აბსოლუტურად აუხსნელად არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, მაშინ, როდესაც მოგვიანებით, 2022 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ევროკომისიის ანგარიშით დადასტურდა, რომ ჩვენ უკრაინასა და მოლდოვაზე, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინაზეც წინ ვიყავით. მიუხედავად ამისა, არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი და ნახეთ, რომ ეს გამოყენებული იყო პოლარიზაციის, განხეთქილების, ახალი რაღაც რევოლუციური ტალღების ორგანიზების ინსტრუმენტად. წელიწად-ნახევრის განმავლობაში იყო ინსტრუმენტი, რათა ზოგიერთ ძალებს შიგნით და გარეთ კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების თემით მანიპულაციის გზით ზეგავლენა მოეხდინათ ქართველი ხალხის ნებაზე.

ნახეთ, რომ მაშინაც ჩვენ მტკიცედ დავდექით, ერთი მხრივ, შევასრულეთ ვალდებულებები, რაც გვქონდა, მეორე მხრივ, არ ავყევით პროვოკაციულ მოწოდებებს, რომელიც გვესმოდა პარალელურად – იმისთვის, რომ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, უნდა დაგვეწესებინა სანქციები რუსეთისთვის, გაგვეთავისუფლებინა მიხეილ სააკაშვილი. გახსოვთ, ევროპელი ელჩები იუსტიციის მინისტრთან მივიდნენ დემარშით, რომლის ქვეტექსტიც იყო ის, რომ გაეთავისუფლებინათ სააკაშვილი და გადაგვეყვანა საზღვარგარეთ. ჩვენ მტკიცედ დადექით, კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს, დაიწყო მეორე ეტაპი, როდესაც უკვე მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხი იქცა მანიპულაციის ინსტრუმენტად. სამწუხაროდ, ვხედავთ, ოპოზიციის და მათი მოკავშირე „ენჯეოების“ დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ.

სამწუხაროდ, ტენდენციები არის, რომ ევროინტეგრაცია აქციონ ევროისტერიად. ამას ვაკვირდებით უკვე რამდენი ხანია ჩვენი ოპონენტების სახით. ისე წარმოჩენაა პროცესის, რომელიც საგნობრივი, ხანგრძლივი, რამდენიმეეტაპიანია, თითქოს დღეს გადასაწყვეტი საკითხია, თითქოს, მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხზე არის დამოკიდებულის საბოლოო შედეგი ევროკავშირში წევრობის. მინდა, ყველას შევახსენო, რომ მოლაპარაკებებზე როდესაც ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია არა ის, როდის გაიხსნება მოლაპარაკებები, არამედ ის, როდის დასრულდება. ჩვენ ზუსტად ამ გეგმით ვმოძრაობთ და ზუსტად ეს იყო, მათ შორის სამთავრობო პროგრამის ნაწილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა